პოლიციამ ნიგერიის ერთ-ერთი ეკლესიის სარდაფში ჩაკეტილი 77 ადამიანი გაათავისუფლა. ოფიციალური უწყებების ცნობით, დატყვევებულებს მღვდლები ქრისტეს ეგრეთ წოდებული მეორედ მოსვლის შემდეგ მორწმუნეების ცად ამაღლების შესახებ უქადაგებდნენ.

ონდოს შტატის ეკლესიაში ჩაკეტილებს შორის 23 ბავშვიც იყო. ადგილობრივების თქმით, ეკლესიის მრევლი შენობაში გასული წლის შემდეგ იყო ჩაკეტილი. პოლიციის წარმომადგენელი კი ამბობს, რომ მღვდლები ეკლესიის წევრებს მოუწოდებდნენ, ადგილზე დარჩენილიყვნენ და ცად ატაცებისთვის დაეცადათ.

ამჟამად ორი მღვდელია დაკავებული, თუმცა, გამოძიებას ჯერ სამხილი არ აქვს, რომ ისინი ეკლესიის წევრებზე ძალადობდნენ ან ადგილზე დარჩენას აიძულებდნენ.

"მღვდლის თანაშემწის თქმით, იგი მრევლს იმავეს უმეორებდა, რაც ღმერთმა უთხრა: რომ ისინი უნდა დაემორჩილონ თავიანთ მშობლებს უფალში", — ამბობს პოლიციის წარმომადგენელი.

ნიგერია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რელიგიურ ქვეყნად მიიჩნევა, სადაც სულიერი ლიდერები განსაკუთრებული რეპუტაციით სარგებლობენ. არც ესაა პირველი შემთხვევა, როცა პოლიციამ სამღვდელო პირების დატყვევებული ადამიანები გაათავისუფლა.

ამ შემთხვევაში ოფიციალურ უწყებებს მომხდარის შესახებ ერთ-ერთი დატყვევებული გოგოს დედამ შეატყობინა და აცნობა, რომ თავის შვილს გამოცდებზე დარეგისტრირების საშუალებას არ აძლევდნენ.

ეკლესიის ქმედებებმა ქალაქის სხვა მობინადრეებიც შეაწუხა, თუმცა, მათ არ იცოდნენ, რა ხდებოდა შენობაში.

"მთელი დღე და ღამე რიტუალებს ასრულებენ. ხალხს ძლივს სძინავს, როცა რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავენ ხოლმე", — ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები, — "სამშაბათს კი ერთი ქალი მოვიდა და თქვა, რომ ორ ბავშვს არ უშვებდნენ ეკლესიიდან"

როცა ადგილზე პოლიცია მივიდა, ეკლესიის ზოგიერთმა წევრმა ფეხის მოცვლაზე უარი განაცხადა და მისულ მშობლებსაც გაუძალიანდნენ. გამოკითხვის დროს ისინი იმეორებდნენ, რომ სარდაფში საკუთარი ნებით ჩავიდნენ. ზოგიერთის თქმით, ადგილზე შარშანდელი აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდა.