საქართველოში კვლავ მაღალი ინფლაციაა. ივნისის მდგომარეობით, ფასების საშუალო დონე წლიურად 12,8%-ით არის გაზრდილი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებელზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და ტრანსპორტის გაძვირებამ მოახდინა.

  • იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხარჯების ძირითადი ნაწილი სურსათზე მოდის, ინფლაცია მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემის შემქმნელია.

დეტალები: საქსტატის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის ჭრილში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში პროდუქცია 21,8%-ით არის გაძვირებული, ხოლო ტრანსპორტი 19,4%-ით. უფრო კონკრეტულად, წლიურად 5 ყველაზე გაძვირებული პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:

  • ქლიავი — გაძვირდა 119,7%-ით;
  • ყურძენი — გაძვირდა 87,1%-ით;
  • მწვანე ლობიო — გაძვირდა 73,3%-ით;
  • ატამი — გაძვირდა 69%-ით;
  • საზამთრო — გაძვირდა 59,7%-ით.

გარდა ამისა, წლიურად, ყველაზე მეტად გაძვირებულია სიმინდის ფქვილი (54,4%), დიზელის საწვავი (53,4%), მარგანინი (52,6%), კარტოფილი (47,1%) და პომიდორი (46,3%).

სტრიქონებს შორის: მაღალი ინფლაციის საპასუხოდ, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გამკაცრებულ რეჟიმში ტოვებს, რაც რეფინანსირების განაკვეთის მაღალ ნიშნულზე, 11%-ზე შენარჩუნებით გამოიხატება.

  • რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ის ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს.

  • როდესაც რეფინანსირების განაკვეთი იზრდება, ამას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უწოდებენ — ამ დროს მსესხებლებს აღნიშნულ განაკვეთზე მიბმული კრედიტები უძვირდებათ.

  • გაძვირებული სესხების პირობებში ადამიანები ამცირებენ ხარჯვას, რის გამოც მცირდება საერთო მოთხოვნა — ეს კი ფასების ზრდას უშლის ხელს.

ფართო სურათში: ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ უკრაინის მიმართ აგრესიის საპასუხოდ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეფერხებამ მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები მნიშვნელოვნად გააძვირა.

  • საქართველოში გაზრდილია რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან გაზრდილი ხანგრძლივვადიანი ვიზიტები, რამაც ადგილობრივ ბაზარზე ბინის ქირა მკვეთრად და მყისიერად გაზარდა — სებ-ის შეფასებით ინფლაციაზე გავლენა ამანაც მოახდინა.
  • "მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება".
  • ეროვნული ბანკის მიზანია, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს, 3%-ს დაუახლოვოს.