ლუიზიანის შტატის ქალაქ ზაქარის მცხოვრებლები ალბათ ძალიან გაოცებულები იყვნენ, როცა ქუჩებში თავისუფლად მონავარდე კენგურუს მოჰკრეს თვალი. როგორც შემდგომში გაირკვა, მხტუნავი ცხოველი, სახელად ბაქსტერი, რომელიც გზატკეცილზე მთელი სიჩქარით მიჰქროდა, ზოოპარკის ყოფილ მფლობელებს ჰყავდათ დამწყვდეული, შემდეგ კი, არც მეტი, არც ნაკლები, თუთიყუშმა გაათავისუფლა.

ქალაქის ორი მცხოვრები, რომლებიც წინათ ზოოპარკში მუშაობდნენ, ამჟამად არაკომერციულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობენ და ველური ფრინველების ბუნებრივ ჰაბიტატში დაბრუნებაზე ზრუნავენ. სწორედ მათ ეკუთვნოდათ ის გალია, საიდანაც ბაქსტერი გაიქცა.

კენგურუ ათობით თუთიყუშთან ერთად ცხოვრობდა, მათ შორის ერთ-ერთს კი სახელად თორი ერქვა.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელები ამბობენ, თორი წინათ საკეტების გასახსნელად გაწვრთნეს. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ პატარა ფრინველმა თავისი უცნაური ნიჭის გამომჟღავნება და მეგობრის დახმარება მოისურვა.

გათავისუფლებული კენგურუ სამართალდამცავებმა რამდენიმე საათის შემდეგ შენიშნეს და არაქისის კარაქის შეთავაზებით მისი დაჭერაც მოახერხეს. მართალია, ბაქსტერი ჯერჯერობით პატრონებს დაუბრუნდა, თუმცა, იგი მალე თავის ბუნებრივ საბინადროში აღმოჩნდება.

აშშ-ის არამკვიდრი ეგზოტიკური ფაუნის წარმომადგენლების შინაურ ცხოველად ყოლა ლუიზიანის შტატის ამ რეგიონში დაუშვებელია. ამდენად, ბაქსტერის პატრონებს რამდენიმე დღე აქვთ, რათა კენგურუსთვის ახალი სახლი იპოვნონ — წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაჯარიმება ემუქრებათ.