პარასკევს უზბეკეთის რეგიონ ყარაყალპაკეთში საკონსტიტუციო ცვლილებების გამო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რასაც ქვეყანაში 2 აგვისტომდე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ყარაყალპაკეთში უზბეკეთის ადმინისტრაციული ერთეულია, სადაც ეთნიკური უმცირესობების ჯგუფი ცხოვრობს.

  • მოქმედი კანონმდებლობით, რეგიონი უზბეკეთის საზღვრებს შიგნით სუვერენულ რესპუბლიკადაა მოხსენიებული, რომელსაც შეუძლია, ქვეყანას რეფერენდუმით გამოეყოს.

დეტალები: საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ყარაყალპაკეთი რეფერენდუმის საფუძველზე უზბეკეთიდან გამოყოფის უფლებას კარგავს.

  • გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებების გასაპროტესტებლად ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

პოლიციამ აქცია დაარბია და მიზეზად მოქალაქეების მიერ ადგილობრივი ხელისუფლების შენობების შტურმის მცდელობა დაასახელა.

  • ამ დროისთვის დაშავებულების და დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დემონსტრაციების პასუხად, უზბეკეთის პრეზიდენტი რეგიონში ჩავიდა და პირობა დადო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ტერიტორიის სტატუსს ასუსტებს, გაუქმდებოდა.

  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ საგანგებო მდგომარეობა მოქალაქეების უსაფრთხოების, უფლებებისა და თავისუფლების დაცვისა და ტერიტორიაზე წესრიგის აღდგენისთვის ამოქმედდა.