უწყების განცხადებით, "კიდევ ერთხელ გმობენ ნებისმიერი სახის ძალადობას" და რუსთაველზე მყოფებს მოუწოდებენ, დაიცვან კანონი. მათივე თქმით, სამართალდარღვევებს მოყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პარლამენტის წინ ისევ შეიკრიბენ პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფები, რომლებმაც მანამდე ძალადობა დააანონსეს და ცდილობენ, თბილისი პრაიდის ჩატარებას ხელი შეუშალონ.

  • შეგახსენებთ, რომ 2021 წელს პოლიციამ რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარში იყო დაგეგმილი, შეკრებილი მოქალაქეები სათანადოდ ვერ დაიცვა.
  • სწორედ ამ ჯგუფებმა დააორგანიზეს ძალადობა და დაარბიეს აქტივისტების ოფისები, ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტზე — 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

შსს-ს განცხადებით, მათი თანამშრომლები თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან და "საპროტესტო აქციებთან" დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე "ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას".

  • უწყებაში ამბობენ, რომ პრაიდფესტივალის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, აგრძელებენ კომუნიკაციას ორგანიზატორებთან, ასევე, გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად, ტარდება პრევენციული ღონისძიებები.

დეტალები: უწყება მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, კოორდინაციაში იყვნენ მათი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და "უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს".

  • მათივე თქმით, თავშეყრის ადგილებზე "მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით", მობილიზებულები იქნებიან და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას დაიცავენ.

გარდა ამისა, შსს საუბრობს გუშინ მოძალადე ჯგუფების ლიდერების დაკავებაზეც. მათი თქმით, ჰომოფობებმა სცადეს ფესტივალის ადგილზე მისასვლელი გზების პარალიზება და მოწოდების მიუხედავად არ დაემორჩილენ პოლიციელთა მოთხოვნას.

  • "პოლიციამ აქციის მონაწილეებს, ასევე მიუთითა პროტესტი განეგრძოთ ისეთ ადგილზე, სადაც ხელს არ შეუშლიდნენ და არ დაარღვევდნენ სხვა მოქალაქეთა უფლებებს".
  • უწყება ამბობს, რომ მათ სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა, რის შედეგადაც 26 პირი დააკავეს.

დაკავებული არიან ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები და ალტ-ინფოს წევრები ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო. ასევე, მამა-შვილი ფალავანდიშვილები და ბექა ვარდოსანიძე.

  • უწყება მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
  • მათი დაკავების შემდეგ ალტ-ინფოში ქართულ ოცნებასაც დაემუქრნენ და განაცხადეს, რომ "დროშებზე გააკრავენ".

თბილისი პრაიდის დაკსვნითი ღონისძიება,. პრაიდფესტივალი დღეს იმართება. აქამდე ჩატარდა კინოჩვენება და რეგიონალური ლგბტ კონფერენცია.

  • მიუხედავად იმისა, რომ წელს ღირსების მარში არ იმართება და ფესტივალი დახურულ სივრცეშია, ჰომოფობები მაინც ცდილობენ მოქალაქეების გამოხტვის თავისუფლება შეზღუდონ და პრაიდფესტივალს უპირისპირდებიან.
  • გაიგეთ მეტი პრაიდის კვირეულზე აქ.