როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ის განუცხადეს, დაკავებულია 26 პირი. უწყება მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიცისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

დეტალები: On.ge-ის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფის ლიდერები: ზურაბ მახარაძე, ირაკლი მარტინენკო, მამა-შვილი ფალავანდიშვილები და ბექა ვარდოსანიძე.

  • შეგახსენებთ, რომ მახარაძის დაკავება ლაივში ჩანდა, მარტინენკოზე კი ინფორმაცია ალტ-ინფომ გაავრცელა.
  • ვარდოსანიძის დაკავებააც ამავე ლაივში იყო, თუმცა კადრში ის არ ჩანდა, ისმოდა მხოლოდ ხმა.
  • რაც შეეხება ფალავანდიშვილებს, თავდაპირველად ინფორმაცია ერთ-ერთი ჩართვის დროს თავად ალტ-ინფოს წევრმა გაავრცელა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დაკავებულები ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერები არიან, რომლებიც ღიად აანონსებდნენ ძალადობას თბილისი პრაიდის აქტივისტებისა და პრაიდფესტის მონაწილეების წინააღმდეგ.

  • შეგახსენებთ, რომ 2021 წელს პოლიციამ რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარში იყო დაგეგმილი, შეკრებილი მოქალაქეები სათანადოდ ვერ დაიცვა.
  • სწორედ ამ ჯგუფებმა დააორგანიზეს ძალადობა და დაარბიეს აქტივისტების ოფისები, იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე — 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

რა ხდებოდა მანამდე: მოძალადეები მთაწმინდაზე იყვნენ შეკრებილები სასულიერო პირებთან ერთად, როცა დაპირისპირება მოხდა.

  • დაკავებების შემდეგ, სხვა მოძალადეებმა ალტ-ინფოს ეთერში განაცხადეს, რომ უკან არ დაიხევენ და ქართულ ოცნებას დაემუქრნენ.
  • მათი თქმით, ხვალ მივლენ მმართველი გუნდის ოფისთან და "ააკრავენ დროშას".
  • "მოდით და დაგვაკავეთ, პრობლემა არ გვაქვს, ციხეში ჩავჯდებით".
  • იქვე არაერთხელ ავრცელებენ ანტიდასავლურ განცხადებას და ამბობენ, რომ ამ ქვეყანაში ევროპას უნდა დარტყან და წელში გადატეხონ.

სირცხვილიას აქტივისტი, მარიამ დოლიძე ამბობს, რომ მოძალადეთა ლიდერებს ახლა აკავებენ მომხრეების დასამოტივირებლად და ქუჩაში გამოსაყვანად. მისი შეფასებით, ეს სუს-ის სპეცოპერაციაა.