ალტ-ინფოს პირდაპირ ეთერში ჩანს, რომ მახარაძე ანტიდასავლურ და ჰომოფობიურ განცხადებას აკეთებს, როცა მასთან პოლიციელი მიდის, შემდეგ კი ადგილიდან გაჰყავთ. On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მახარაძე და მარტინენკო პრორუსული ჯგუფის ლიდერები არიან, რომლებიც ღიად აანონსებდნენ ძალადობას თბილისი პრაიდის აქტივისტებისა და პრაიდფესტის მონაწილეების წინააღმდეგ.

  • შეგახსენებთ, რომ 2021 წელს პოლიციამ რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარში იყო დაგეგმილი, შეკრებილი მოქალაქეები სათანადოდ ვერ დაიცვა.
  • სწორედ ამ ჯგუფებმა დააორგანიზეს ძალადობა, დაარბიეს აქტივისტების ოფისები, იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე — 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

დეტალები: მოძალადეები მთაწმინდაზე იყვნენ შეკრებილები სასულიერო პირებთან ერთად, როცა დაპირისპირება მოხდა.

  • დაკავებაზე ინფორმაცია ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა დაჯგუფებამ ტელეგრამ არხზე გაავრცელა.
  • ალტ-ინფოს ლაივში აკავებენ სხვა პირებსაც — როდესაც პოლიციას ერთ-ერთი მათგანი გაჰყავს, ისმის, სავარაუდოდ, ბექა ვარდოსანიძის ხმა.
  • ეთერში ერთ-ერთმა პირმა თქვა ისიც, რომ დაკავებული არიან მათი "ოპერატორები და ჟურნალისტები", ასევე, ფალავანდიშვილები
  • უწყება ამ დრომდე არ ადასტურებს, ისინი განარიდეს, თუ განყოფილებაში გადაიყვანეს.

მოძალადეები ალტ-ინფოს ეთერში ამბობენ, რომ უკან არ დაიხევენ და ქართულ ოცნებას ემუქრებიან.

  • მათი თქმით, ხვალ მივლენ მმართველი გუნდის ოფისთან და "ააკრავენ დროშას".
  • "მოდით და დაგვაკავეთ, პრობლემა არ გვაქვს, ციხეში ჩავჯდებით".
  • იქვე არაერთხელ ავრცელებენ ანტიდასავლურ განცხადებას და ამბობენ, რომ ამ ქვეყანაში ევროპას უნდა დარტყან და წელში გადატეხონ.

მანამდე, პრაიდის კვირეულზე განცხადება გამოაქვეყნა შსს-მ და ძალადობრივ ჯგუფებს მოუწოდა, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას.

  • უწყება "სამართალდარღვევის თითოეული ფაქტის აღკვეთისა და მკაცრი სამართლებრივი რეაგირების" გარანტიას იძლევა.
  • მოგვიანებით, უწყებაში თქვეს, რომ პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს მუქარაზე, გამოძიება დაიწყეს და კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე შსს-ში დაიბარეს.