ტექნოლოგიური კომპანია Google მომხმარებლებს, რომლებმაც iPhone-დან Android 12-ზე მომუშავე სმარტფონებზე გადაინაცვლეს, ახალ ტელეფონში მონაცემების გადატანას უმარტივებს.

ამიერიდან, აპლიკაციის Switch to Android მეშვეობით, პირად ინფორმაციას ნებისმიერ ასეთ მოწყობილობაში გადაამისამართებთ. შეგახსენებთ, რომ ეს სერვისი ადრე მხოლოდ Pixel-ის ბრენდის სმარტფონებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

ფოტო: Google

აღნიშნული ფუნქციით სარგებლობისთვის, ახალი ტელეფონი ძველთან USB-ის მეშვეობით დააკავშირეთ ან ამისთვის WiFi გამოიყენეთ. შემდეგ სპეციალური QR კოდი დაასკანერეთ და აირჩიეთ მონაცემები, რომელთა გადატანაც გსურთ, იქნება ეს ფოტოები, კონტაქტები, ვიდეოები, მუსიკა, მიმოწერები, აპლიკაციები თუ სხვა. დანარჩენს თავად პროგრამა მიხედავს.

უნდა ითქვას ისიც, რომ მსგავსი მეთოდით WhatsApp-ში არსებული მიმოწერების, ხმოვანი შეტყობინებების, ფოტოებისა და ვიდეოების გადატანაცაა შესაძლებელი. ასე რომ, თუ ძველი iPhone ისევ თქვენს ხელთაა, საშუალება გაქვთ, რომ სასურველ შიგთავსს ახალი ადგილი მიუჩინოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.