არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 12 პირობის შესასრულებლად კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად პარლამენტის რიგგარეშე სესია დაუყოვნებლივ უნდა მოიწვიონ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გარდამტეხ ფაზაშია შესული, გაიხსნა ფანჯარა, რომელიც გვაძლევს ევროპასთან დაახლოების უნიკალურ შესაძლებლობას.

  • მათივე თქმით, ამ დროისთვის ხელისუფლებამ შესაძლებლობის მხოლოდ მინიმუმს მიაღწია.

რა საკითხები უნდა განიხილოს პარლამენტმა: NGO-ების განცხადებით, საარჩევნო სისტემის რეფორმა უნდა დასრულდეს.

  • მათი განმარტებით, დარჩენილი მეორე და მესამე მოსმენებით ცვლილებების მიღება რიგგარეშე სესიის პირობებში რამდენიმე დღეში შეუძლია.
  • მათივე ცნობით, ცესკოს თავმჯდომარეს და ორ წევრს უფლებამოსილების ვადა აგვისტოში ეწურებათ, პარლამენტმა კი ისინი 2 კვირის ვადაში საპარლამენტო ძალებს შორის კონსენსუსის ზოგადი წესით უნდა აირჩიოს.
  • აღნიშნავენ იმასაც, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის პროცესის დასრულება პარლამენტს შეუძლია რიგგარეშე სესიის ფარგლებში რამდენიმე დღეში.
  • ამბობენ, რომ უნდა განიხილონ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის ცვლილება, რომელიც მიმართულია კორპორატივიზმის შემცირებასა და იუსტიციის საბჭოს საქმიანობაში არამოსამართლე წევრების ჩართულობის გაზრდისკენ.

კონტექსტი: არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პირობის შესრულებაზე ხელისუფლების სამივე შტოა პასუხისმგებელი.

  • მათივე თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა პარლამენტის როლი, რადგან სწორედ მისი ვალდებულებაა, როგორც შესაბამისი ნორმატიული ბაზის შექმნა, ასევე, მთავრობის მიერ პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა.

განცხადებას ხელს აწერენ: დემოკრატიის ინდექსი — საქართველო და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), ასევე:

  • სამოქალაქო იდეა;
  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI);
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი;
  • მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG).

ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ თორმეტივე პუნქტზე მუშაობას იწყებენ.

  • მათი სრული გეგმის ნახვა შეგიძლიათ აქ.