თეა კატუკიამ ამის შესახებ განცხადება საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა და იმ სტრუქტურულ დარღვევებზე ისაუბრა, რასაც მისი თქმით, პოსტზე დანიშვნის შემდეგ აწყდებოდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კატუკია აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მასზე მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა.

  • "არ მიფიქრია, რომ საქართველოს მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა საზღვარგარეთ ჩემი განვლილი პროფესიული გზა და ჩემი პოლიტიკური მიუკერძოებლობა".

დეტალები: მისი თქმით, ის დარღვევები, რისი მოწმეც პირველივე დღეებიდან გახდა, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებსა და იმიჯს.

  • "ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ფუნქციის შესრულება მომიწევდა მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში"
  • კატუკია აღნიშნავს, რომ ეს სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური პრაქტიკიდან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის თავის ღირებულებებთან.

ევროპული მომავალი: კატუკიას თქმით, დღეს საქართველოს დემოკრატიული განვითარება, მხოლოდ და მხოლოდ, მთავრობის პოლიტიკურ არჩევანზე არის დამოკიდებული.

  • ის წერს, რომ ამ გადამწყვეტ კონტექსტში მნიშვნელოვანი საკადრო და სტრუქტურული პრობლემები, რომლის წინაშეც დგას საქართველოს დიპლომატიური სამსახური, ხელს უშლის ქვეყანას ეფექტური საგარეო პოლიტიკის გატარებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში დამატებითი დეტალების გარკვევას ვცდილობთ. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.