ვარსკვლავური წყვილების ურთიერთობა ყოველთვის დიდხანს არ გრძელდება ხოლმე. მუდმივად ხალხისა და მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნა ზოგჯერ ცუდ გავლენას ახდენს ცნობილი ადამიანების პირად ცხოვრებაზე. თუმცა, არიან ისეთი ვარსკვლავებიც, რომლებმაც თავიანთ სექსუალობაზე ღიად ისაუბრეს და არც ურთიერთობის გასაჯაროებას შეუშინდნენ — მეტიც, მათმა სიყვარულმა, ყველაფრის მიუხედავად, წლებს გაუძლო.

1. ელტონ ჯონი და დევიდ ფერნიში

ფოტო: Getty Images

ელტონმა და დევიდმა ერთმანეთი 1993 წელს, ლონდონში გამართულ წვეულებაზე გაიცნეს. მუსიკოსმა თავის მეგობარს საღამოს მოწყობა საგანგებოდ ახალი ადამიანების გასაცნობად სთხოვა და ასე შეიძინა თავისი ცხოვრების მეგზურიც.

"დევიდი მაშინვე მომეწონა", — იხსენებს ელტონი, — "კარგად ეცვა და ძალიან მორცხვი იყო. მომდევნო საღამოს ერთად ვივახშმეთ., მერე კი ჩვენი ურთიერთობაც აეწყო. ერთმანეთი ძალიან სწრაფად შეგვიყვარდა".

წყვილმა ურთიერთობას ოფიციალური სახე 2005 წელს მისცა, როცა სამოქალაქო პარტნიორობა გააფორმა. 9 წლის შემდეგ კი მათ უკვე იქორწინეს. ელტონს და დევიდს ერთად ორი შვილიც ჰყავთ: ელაიჯა და ზაქარი.

2. ნილ პატრიკ ჰარისი და დევიდ ბურტკა

ფოტო: Getty Images

წყვილმა ერთმანეთი 2004 წელს, საერთო მეგობრის წყალობით გაიცნო. იმ დროისათვის ბურტკა სხვა ვიღაცას ხვდებოდა, თუმცა, ჰარისთან სიახლოვემ ყველაფერი შეცვალა.

"როცა ყველანი ერთად პირველად გავერთეთ — ჩვენმა საერთო მეგობარმა, კეიტმა, American Idol-ის საყურებლად მიგვიწვია — მასთან ენა დამება. თვალს ვერ ვწყვეტდი", — იხსენებს ჰარისი დევიდის გაცნობას.

რამდენიმე თვის შემდეგ ბურტკა პარტნიორს დაშორდა, ის და ნილი კი პირველ პაემანზეც წავიდნენ. ნიშნობის ინიციატორი ორივე იყო, თუმცა, 2011 წლამდე ეს ამბავი ხალხისთვის ცნობილი არ გამხდარა. საბოლოოდ, წყვილმა 2014 წელს იქორწინა იტალიაში. ისინი ერთად ორ შვილს ზრდიან — ჰარპერსა და გიდეონს.

3. ჯიმ პარსონსი და ტოდ სპივაკი

ფოტო: Getty Images

ჯიმმა და ტოდმა ერთმანეთი ეგრეთ წოდებულ ბრმა პაემანზე გაიცნეს 2002 წელს. რამდენიმე დღის შემდეგ ისინი ერთმანეთს ისევ შეხვდნენ და კინოშიც წავიდნენ.

"როცა ერთად პირველად მოვხვდით, მახსოვს, საწოლში ვიწექი, თვალები დახუჭული მქონდა და ვერ ვიძინებდი", — ჰყვება პარსონსი, — "ვფიქრობდი, არ ვიცი, ჩემს თავს რა ხდება, მაგრამ ეს მარადიულობასთან ახლოსაა-მეთქი".

2012 წელს ჯიმმა განაცხადა, რომ ურთიერთობაში იყო, თუმცა, ტოდის ვინაობა არ გაუმხელია. მოგვიანებით, როცა მომდევნო წელს Emmy მიიღო, სიტყვით გამოსვლაში თავისი ჯილდო პარტნიორს მიუძღვნა და მისი სახელიც თქვა.

წყვილმა 2017 წელს იქორწინა ნიუ-იორკში.

4. სინთია ნიქსონი და ქრისტინ მარინონი

ფოტო: Getty Images

ნიქსონმა და მარინონიმ ერთმანეთი 2001 წელს გაიცნეს, როცა ორივე მათგანი ქრისტინის დაფუძნებულ ორგანიზაციაში მუშაობდა. როდესაც 2003 წელს სინთია დენი მოზესს გაშორდა, ის და მარინონი კიდევ უფრო დაახლოვდნენ. შემდეგ კი, სასიყვარულო ურთიერთობაც დაიწყეს 2004 წელს.

მათმა ურთიერთობამ მედიაში უსიამოვნო გამოხმაურება გამოიწვია, ამიტომ, ნიქსონი იძულებული გახდა, თავის კარიერაში პირველად აგენტი აეყვანა. აგენტმა სინთიასა და ქრისტინის ურთიერთობის დამალვა ამჯობინა. როცა მსახიობმა იგი გაათავისუფლა, მენეჯერმა ახალი აგენტი შესთავაზა, რომელიც თავად ღიად გეი იყო. მან ნიქსონს ურჩია, ურთიერთობის შესახებ გავრცელებული ხმები დაედასტურებინა.

მოგვიანებით, მსახიობი იხსენებდა, რომ აგენტის წინადადება თავდაპირველად გაუკვირდა, თუმცა, დასთანხმდა და ეს არც უნანია.

სინთიამ და ქრისტინმა 2012 წელს, ნიუ-იორკში იქორწინეს. დღეს ისინი საერთო შვილს, მაქსს, ზრდიან. ოჯახის წევრები არიან ნიქსონის შვილები წინა ურთიერთობიდან, სემუელი და ჩარლზიც.

5. ელენ დეჯენერესი და პორშა დე როსი

ფოტო: Christopher Polk / Getty Images

ცნობილი ტელეწამყვანისა და პორშას გზები 2000 წელს გადაიკვეთა, როცა ისინი წვეულებაზე შეხვდნენ ერთმანეთს. თუმცა, ურთიერთობის განვითარებას დრო დასჭირდა — ეს მხოლოდ ოთხი წლის დაგვიანებით მოხერხდა. ურთიერთობა დე როსის დაეხმარა, საკუთარ სექსუალობაზე ღიად პირველად ესაუბრა.

"ეს ჩემს ცხოვრებაში წინათ არასდროს მომხდარა", — იხსენებს პორშა ელენის გაცნობას, — "როცა ვიღაცას ხედავ და ყველაფერ იმას განიცდი, რაც სიმღერებში მოგისმენია და ლექსებში წაგიკითხავს. მუხლები მომეკვეთა. წარმოუდგენელი გრძნობა იყო. ამის შემდეგ მასზე ფიქრს თავიდან ვერაფრით ვიგდებდი. ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილნი".

საბოლოოდ, წყვილმა ურთიერთობას ოფიციალური სახე 2008 წელს მისცა.