სანდერსონების დები ქალაქში ბრუნდებიან — ჰელოუინის კლასიკა კი მალე ეკრანებზე ისევ გაცოცხლდება.

ცნობილი ფილმი Hocus Pocus თითქმის 30 წლის შემდეგ მაყურებელს მეორე ნაწილით უბრუნდება, თანაც თავდაპირველი სამსახიობო ჯგუფის მონაწილეობით. 76 წლის ბეტ მიდლერმა, 57 წლის სარა ჯესიკა პარკერმა და 65 წლის კეთი ნაჯიმიმ ჯადოქარი დების როლი ისევ მოირგეს და მასაჩუსეტსის ყველაზე ავბედით ქალაქ სალემში ბავშვების საძებნელად გამოჩნდნენ.

"გადამალეთ ბავშვები", — ყვირის უინიფრედ სანდერსონი ფილმის ტრეილერში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა, — "დიახ, სალემ, ჩვენ დავბრუნდით".

ტრეილერში ასევე ვხედავთ, რომ ქალაქში წლების წინანდელი ამბები მეორდება — ჰელოუინის კარნავალი, სადაც კუდიანებს სალემის ერთ-ერთი მცხოვრები მაშინვე ცნობს.

Hocus Pocus 1993 წელს გამოსული ფენტეზი ფილმია, რომელიც სალემში მცხოვრები სამი ჯადოქარი დის შესახებ მოგვითხრობს. სანდერსონები 300-წლიანი ძილის შემდეგ ჰელოუინის ღამეს ანთებული სანთლით იღვიძებენ და მარადიული ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ბავშვებზე ნადირობას იწყებენ.

იმის მიუხედავად, რომ ფილმი თავდაპირველად დიდი წარმატებით არ გამოირჩეოდა, წლების შემდეგ იგი ჰელოუინის ნამდვილ კლასიკად იქცა.

კინოსურათის გაგრძელების შესახებ გავრცელებული ხმები 2019 წელს დადასტურდა და მაშინვე გავიგეთ, რომ მასში თავდაპირველი სამსახიობო გუნდი მიიღებდა მონაწილეობას.

Hocus Pocus 2-ის რეჟისორი ენ ფლეტჩერია, სცენარი ავტორი კი ჯენ დ'ანჯელო გახლავთ.

მონატრებულ ჯადოქარ დებს Disney-ის მაყურებელი 30 სექტემბერს შეხვდება.