ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანმა საგარეო ვალმა 68,4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 110,8%-ია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 6,1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

  • აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 384,6 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.
  • ხოლო ფასის, საკურსო და სხვა ცვლილებების გამო, შესაბამისად — 207, 144,1 და 27,4 მილიონი დოლარით შემცირდა.
  • იმის გათვალისწინებით, რომ მთლიანი საგარეო ვალის 90,9% უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, მისი მოცულობის ცვლილებაზე ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსიც ახდენს გავლენას.

დეტალები: მთლიანი საგარეო ვალიდან $10,4 მილიარდი (32,2 მლრდ ლარი) სახელმწიფო საგარეო ვალდებულება იყო, რაც მშპ-ს 52,1%-ია.

  • სახელმწიფო საგრეო ვალიდან სამთავრობო სექტორის ვალია $7,8 მილიარდი (მშპ-ს 38.9%).
  • ამასთან, 31 მარტის მდომარეობით, საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 13,3 მილიარდი შეადგინა — ეს ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 67%-ია.

რიცხვებში: რაც შეეხება დანარჩენს, ეროვნული ბანკის ვალდებულებებია — $942,6 მილიონი (მშპ-ს 4,7%).

  • ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, $438,5 მილიონი (მშპ-ს 2,2%) და $1,2 მილიარდი (მშპ-ს 6,3%);
  • საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა $5 მილიარდი (მშპ-ს 25%);
  • სხვა სექტორების საგარეო ვალმა — $4,9 მილიარდი (მშპ-ს 24,8%) და კომპანიათაშორისო ვალმა — $3,5 მილიარდი (მშპ-ს 17,3 %).

არქივიდან: 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, 10,7%-ით გაზრდილი ვალით შევხვდით. მაშინ ფინანსთა მინისტრმა ამის მიზეზად პანდემიის პერიოდში ბიუჯეტში შემოსავლების შემცირებას დაასახელა.

  • 2021 წლის 31 აგვისტოს მთავრობამ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების, ანუ დაბალპროცენტიანი სესხის მეორე ტრანშზე უარი განაცხადა.
  • მაშინ მიზეზად ღარიბაშვილმა ის თქვა, რომ საქართველომ საგარეო ვალის შემცირება დაიწყო.
  • ამას წინ უძღოდა შარლ მიშელის განცხადება, სადაც მან ხაზი გაუსვა, რომ დახმარების მისაღებად მთავრობას ევროკავშირთან შეთანხმება უნდა შეესრულებინა.
  • მოგვიანებით ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ თქვა, რომ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე მთავრობამ იმიტომ თქვა უარი, რომ არსებობდა რისკი, EU-ის 75 მილიონიანი ტრანში არ ჩამორიცხულიყო.