ჭარბმა წონამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს, მათ შორის ასთმა და კიბო. ამის პარალელურად, არის შემთხვევები, როდესაც წონაში დაკლება რთულია.

ახლა, ახალ კვლევაში, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ცივი ტემპერატურის ზემოქმედება სიმსუქნის დამარცხებაში შეიძლება დაგვეხმაროს. კვლევის მიხედვით, რომელიც თაგვებზე ჩატარდა, ასეთი გარემო აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას და გლუკოზის მდგომარეობას.

სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი დაკავშირებულია ქრონიკულ ანთებასთან

"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ცივი ტემპერატურის ზემოქმედება ამცირებს ანთებას და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ ჭარბი წონა და მეტაბოლური სინდრომი დაკავშირებულია ქრონიკულ ანთებასთან, რაც იწვევს ინსულინის პრობლემებს. ამიტომ, სიმსუქნის დროს მსგავსი ანთების შეჩერება მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. ეს დასკვნები მიუთითებს ყავისფერი ცხიმოვანი ქსოვილის მანამდე არაღიარებულ ფუნქციაზე", — თქვა იუ-ჰუა ცენგმა, კვლევის მთავარმა ავტორმა.

ყავისფერი ცხიმოვანი ქსოვილი

წინა ორმა კვლევამ აჩვენა, რომ სიცივეს მართლაც შეუძლია ეფექტურად გაააქტიუროს ყავისფერი ცხიმი, რომელიც სპეციფიკურ ლიპიდურ შუამავლებს წარმოქმნის. ისინი კი არეგულირებენ საკვები ნივთიერებების მეტაბოლიზმს. თუმცა, მიმდინარე კვლევაში აღმოაჩინეს ლიპიდური შუამავლის ახალი და გაუმჯობესებული როლი, რომელიც წარმოიქმნება ყავისფერი ცხიმის მიერ. ეს ყველაფერი ანთების მოსაგვარებლად.

მეცნიერებმა ამ დასკვნის გასაკეთებლად თაგვები გამოიკვლიეს, რომლებსაც ცხიმოვანი საკვების მიღების შემდეგ ჭარბი წონა აწუხებდათ. როდესაც ცხოველები ცივ გარემოში იმყოფებოდნენ (დაახლოებით 4,44 გრადუსი ცელსიუსით), მათი ინსულინის მგრძნობელობა და გლუკოზის მეტაბოლიზმი გაუმჯობესდა. შესაბამისად, წონა შემცირდა.

გარდა ამისა, თაგვებში გაუმჯობესდა თავად ანთების დონეც და მან საგრძნობლად იკლო. იმავდროულად, თერმონეიტრალურ ზონაში დარჩენილ ცხოველებს არ ჰქონდათ ეს შედეგები და უფრო მიდრეკილნი იყვნენ სიმსუქნისკენ.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ყავისფერი ცხიმი წარმოქმნის Maresin 2-ს, რომელიც ხსნის ანთებას", — ამბობენ მკვლევრები.

ამ პროცესების მექანიზმები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გაგებული, მაგრამ კვლევა მიუთითებს, რომ Maresin 2-ს შეიძლება ჰქონდეს კლინიკური გამოყენება, როგორც თერაპიას სიმსუქნის, მეტაბოლური დაავადების ან ქრონიკულ ანთების დასაძლევად.

შეიძლება თუ არა ცივმა ტემპერატურამ მართლაც უზრუნველყოს წონაში კლება? ამაზე ზუსტ პასუხს დამატებითი კვლევები და დრო გვაჩვენებს. ვნახოთ, რა იქნება შემდეგი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.