ჰარვარდის მკვლევრებმა კომპიუტერულ ჩიპებში ხმის ტალღები ელექტრული ველის გამოყენებით გააკონტროლეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ისტორიაში პირველად მოხდა. ახალ მიღწევას ექნება მნიშვნელოვანი გავლენა კვანტური გამოთვლის სფეროზე, ისევე როგორც კლასიკურ გამოთვლებზე. ეს ის მიმართულებაა, რომელიც ელექტრონების გამოყენებით გადაცემულ მონაცემებს ეყრდნობა.

ჰარვარდის მკვლევრებმა ხმის ტალღაზე მომუშავე ჩიპი შეიმუშავეს

როგორც წესი, კლასიკური კომპიუტერული ჩიპები გადასცემენ და ამუშავებენ მონაცემებს ელექტრონების მოდულირებით. ეს კეთდება ტრანზისტორების საშუალებით, რომლებიც შიფრავენ მონაცემებს ერთებისა და ნულების ენაზე — ერთი წარმოდგენილია მაღალი დენით, მეორე კი დაბალი დენით.

ცნობისთვის, ფოტონური ჩიპები ახდენენ ფოტონების — სინათლის ნაწილაკების — მოდულაციას, სანამ ტალღების სახით გადასცემენ მონაცემებს. რაც შეეხება ჰარვარდის გუნდის მიერ შემუშავებულ ჩიპს, ხმის ტალღის ეს ტექნოლოგია მუშაობს უფრო ფოტონიკური ჩიპის მსგავსად, თუმცა რამდენიმე დამატებით სარგებელიც აქვს.

აკუსტიკური ტალღები უფრო ნელია ვიდრე იმავე სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღები. თუმცა, მკვლევრების თქმით, ეს სულაც არ არის ცუდი. ეს იმიტომ, რომ მოკლე აკუსტიკური ტალღები ადვილად თავსდება ნანომასშტაბიან სტრუქტურებში და მათ აქვთ ძლიერი ურთიერთქმედება სისტემასთან. ეს ამ ტექნოლოგიას ძალიან ღირებულს ხდის, როგორც კლასიკური, ასევე კვანტური მოწყობილობებისთვის.

"ნამუშევარში ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია აკუსტიკური ტალღების კონტროლი. ამით ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით აკუსტიკურ ინტეგრირებულ წრეს", — თქვა მარკო ლონკარმა, ელექტროინჟინერიის პროფესორმა და Nature Electronics-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის უფროსმა ავტორმა.

აკუსტიკური ტალღები კვანტური და კლასიკური გამოთვლებისთვის

ლონკარმა და მისმა კოლეგებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც აკონტროლებს ჩიპზე აკუსტიკურ ტალღებს. მოდულატორი იყენებს ელექტრულ ველს ხმის ტალღების ფაზის, ამპლიტუდისა და სიხშირის გასაკონტროლებლად.

"წინა აკუსტიკური მოწყობილობები იყო პასიური, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს ელექტრული მოდულაცია აკუსტიკური მოწყობილობების აქტიურად დასარეგულირებლად", — ამბობენ მკვლევრები.

მკვლევარები მიზნად ისახავენ შექმნან უფრო რთული, დიდი აკუსტიკური ტალღური სქემები და კვანტური სისტემები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.