საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ 2013-2021 წლებში ხელისუფლების მიერ სახელმწიფო უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებული მონაცემები გააანალიზა და დაადგინა, რომ პრივატიზების პროცესი მნიშვნელოვან კორუფციულ რისკებს შეიცავს.

დეტალები: დაბალი კონკურენცია, არასაკმარისი გამჭვირვალობა, კეთილსინდისიერების მექანიზმების არარსებობა და არასათანადო რეაგირება სავარაუდო დარღვევეზე არის ის ძირითადი გამოწვევები, რაც პრივატიზაციის პროცესში კორუფციის რისკს წარმოშობს.

  • ორგანიზაციის თქმით, ქვეყანაში მიწიდ რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია, რაც ნიშნავს, რომ პრივატიზაციის პროცესი, სავარაუდოდ, კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: TI-ის განმარტებით, ამ გამოწვევების პირობებში არსებობს მაღალი ალბათობა, რომ სახელმწიფო ქონების განკარგვა მოხდეს კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების სასარგებლოდ.

კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ პრივატიზაციის აუქციონებს თანამდებობის პირები ან მათი ოჯახის წევრები იგებენ.

  • პრივატიზაციის კონტრაქტებს თანამდებობის პირები, მათი ოჯახის წევრები ან მათი კომპანიები იგებენ.
  • პრივატიზაციის აუქციონებს მმართველი პარტიის შემომწირველები იგებენ.
  • პრივატიზაციის აუქციონებს, პრივატიზაციის კონტრაქტებს ახლად დარეგისტრირებული კომპანიები იგებენ.

მაგალითები: 2013-2021 წლებში ჩატარებული პრივატიზაციის ყოველი 3 აუქციონიდან 2 უკონკურენტოდ მოიგეს, რაც კონკურენციის დაბალი მაჩვენებელია.

  • ამასთანავე, უკონკურენტო აუქციონების წილი წლების განმავლობაში ერთსა და იმავე მაჩვენებელზეა.
  • არშემდგარი აუქციონების რაოდენობა დიდია: 2013-2021 წლებში სახელმწიფო უძრავი ქონების გაყიდვის მიზნით 9 976 აუქციონი გამოცხადდა, რომელთა 46,7% ჩაიშალა, რადგან მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა.
  • პირდაპირი გზით პრივატიზაციის შესახებ მიღებული არასტრუქტურირებული და არასრული მონაცემების მიხედვით 2013-2020 წლებში პირდაპირი პრივატიზაციის 429 კონტრაქტი გაფორმდა, საიდანაც 43%-ს სიმბოლური ფასი (1 ლარი) ჰქონდა.

ხარვეზები: ორგანიზაციის განმარტებით, პირდაპირი პრივატიზაციის შესახებ ინფორმაცია ოფიციალური მოთხოვნის გარეშე საერთოდ არ ქვეყნდება.

  • მოთხოვნის შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ინფორმაცია არასტრუქტურირებული და ზოგჯერ არასრულია.
  • მათივე თქმით, პრივატიზაციის შესახებ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება კანონითაა დადგენილი, ამ ეტაპზე კი ეს ვალდებულება სათანადოდ არ სრულდება.

რეკომენდაციები: TI-ის განცხადებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში არსებული კორუფციული რისკების შესამცირებლად აუცილებელია შემდეგი პირობები:

  • კონკურენციის გაზრდა, რის გარეშეც რთულად წარმოსადგენია კვლევაში გამოვლენილი კორუფციული რისკების შემცირება.
  • გამჭვირვალობის დონის გაზრდა მარტივი და ეფექტური საშუალებაა ნებისმიერ სფეროში გამჭვირვალობის გასაზრდელად.
  • კორუფციული შემაკავებელი მექანიზმების შექმნა მნიშვნელოვანია, რათა მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგას, რომელთა მიზანი კონკრეტულად კორუფციის რისკების შემცირება იქნება სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში.
  • საგამოძიებო და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ ადეკვატური რეაგირება სახელმწიფო ქონების განკარგვის ყველა იმ შემთხვევაზე, სადაც არსებობს კორუფციისა თუ სხვა სახის დარღვევის ნიშნები.

ვრცლად კვლევის შესახებ, შეგიძლიათ, იხილოთ აქ.