ამერიკელ მუსიკოს R. Kelly-ს, რომელსაც ბავშვებსა და ქალებზე სექსუალური ძალადობის სქემის მართვაში ედებოდა ბრალი, სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნიუიორკელმა მოსამართლემ 55 წლის მომღერალი სექსტრეფიკინგსა და შანტაჟში დამნაშავედ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში ცნო. ჩიკაგოელ მუსიკოსს ასევე დაეკისრა ჯარიმის გადახდა $100 ათასის ოდენობით. ამჯერად, სასამართლო დავა მის წინააღმდეგ სამ სხვადასხვა საქმეზე მიმდინარეობდა.

როგორც ცნობილი გახდა, მომღერალი მთელი ორი ათწლეულის განმავლობაში თავის სახელსა და გავლენას იყენებდა, რათა ქალები და ბავშვები სექსუალური ძალადობის სქემაში ჩაერთო. ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო მოსმენებზე გაცხადდა, როგორ დადიოდა იგი სხვადასხვა შტატში მენეჯერებთან, დაცვასა და თავისი გუნდის სხვა წევრებთან ერთად, რათა მსხვერპლები ეპოვნა.

განაჩენის გამოტანისას, მოსამართლე ენ დონელიმ განაცხადა, რომ მომღერალი სექსს იარაღად იყენებდა, რათა თავისი მსხვერპლებისთვის "ენით აუწერელი" რაღაცების გაკეთება ეიძულებინა, რის შედეგადაც ბევრი მათგანი უკურნებელი სენით დაავადდა. განაჩენი კი მას შეაკავებს, რათა სამომავლოდ მსგავსი დანაშაულებები ვეღარ ჩაიდინოს.

ფოტო: Antonio Perez / Getty Images

სასამართლოზე ასევე გაიხსენეს, რომ მომღერალმა უკანონოდ მოიპოვა დოკუმენტი, რათა მომღერალ აალიაზე დაქორწინებულიყო, როცა ეს უკანასკნელი მხოლოდ 15 წლის იყო. მოწმობაში აალიას ასაკად 18 წელი იყო მითითებული, ამდენად, ეს ქორწინება რამდენიმე თვის შემდეგ გაუქმდა.

ფედერალურმა პროკურორებმა სასამართლოს ურჩიეს, რომ დანაშაულებების სიმძიმის გათვალისწინებით, R. Kelly-სთვის 25 წელზე მეტი მიესაჯათ. საპასუხოდ, მომღერლის ადვოკატები სასჯელის მინიმალურ ზომას, 10 წელს ითხოვდნენ. ისინი ხსნიდნენ, რომ მომღერალი ხელმოკლე ოჯახში გაიზარდა და ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო ადრეული ასაკიდან.

მუსიკოსის წინააღმდეგ სხვა სამართლებრივ ზომებს აგვისტოშიც მიიღებენ, როცა იგი ჩიკაგოს სასამართლოს წინაშე წარდგება ბავშვთა პორნოგრაფიის შექმნის ბრალდებით. სექსუალური ძალადობის შემთხვევებისთვის პასუხისგება მას ასევე მოუწევს ილინოისისა და მინესოტის შტატებში.

R. Kelly, იგივე რობერტ კელი, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ ამერიკელ მუსიკოსად მიიჩნეოდა. მისი სიმღერა, I Believe I Can Fly, ჰიტადაც იქცა და არაერთი ქვეყნის მუსიკალურ ჩარტებში მოწინავე პოზიციებზე აღმოჩნდა.