მკვლევრებმა აღმოაჩინეს ყველაზე ღრმად ჩაძირული ხომალდი, რაც კი აქამდე დაუფიქსირებიათ. ეს აშშ-ს საზღვაო ძალების გამანადგურებელია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაიძირა.

Samuel B Roberts განადგურდა სამარის ბრძოლის დროს, ფილიპინების ზღვაში, 1944 წლის ოქტომბერში. ის ამ მომენტისთვის 6,895 მეტრის სიღრმეზეა ჩაძირული.

აღმოჩენა ტეხასელ ფინანსისტსა და თავგადასავლების მოყვარულს — ვიქტორ ვესკოვოს უკუთვნის. მან ეს საკუთარი წყალქვეშა ნავით შეძლო. მისი თქმით, გემი დაზიანებულია, მაგრამ ძირითადად ხელუხლებელი.

რაც შეეხება ისტორიას: გემი მეორე მსოფლიო ომში იაპონელების წინააღმდეგ იბრძოდა და ბევრი საგმირო მისიაც აქვს შესრულებული. მისი 224-კაციანი ეკიპაჟიდან 89 დაიღუპა. დანარჩენები სამაშველო გემებით გადაარჩინეს.

ვესკოვო თავის დროზე საზღვაო ფლოტის რეზერვისტი იყო. მისი თქმით, უდიდესი პატივია დაკარგული გემის პოვნა.

გადაღებულ სურათებში, შეგიძლიათ ნახოთ კორპუსის სტრუქტურა, იარაღი და ტორპედოს მილები. გემს იაპონური ჭურვებისგან გაჩენილი ნახვრეტები ეტყობა და ჩანს ერთი მასიური დარტყმის კვალიც.

იმის გასააზრებლად, თუ რამდენად ღრმადაა ჩაძირული გემი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიო ოკეანეების ფსკერის 98% ნაკლებ სიღრმეზეა. დიდ ტექტონიკურ თხრილებში მხოლოდ რამდენიმე ადგილი სცილდება 6 000 მეტრს.

სამარის ბრძოლის დროს უამრავი გემი დაიღუპა. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ აქ შეიძლება სხვა გემებიც იყოს და ზოგიერთი მათგანი კიდევ უფრო ღრმადაც. თუმცა, ამ მომენტისთვის Samuel B Roberts ყველაზე ღრმად ჩაძირული გემია, რომელიც აქამდე აღმოუჩენიათ.