ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს ალიანსის ისტორიული გაფართოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

  • გეოსტრატეგიული თვალსაზრისით ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ალიანსს.

რა თქვა სტოლტენბერგმა: NATO-ს გენერალურმა მდივანმა ლიდერების მიერ ორი ქვეყნის მოწვევას ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა.

  • "გუშინ თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ ამ გადაწყვეტილებას გზა გაუხსნა".
  • "მე მინდა მადლობა გადავუხადო სამივე ქვეყანას, რომ ჩემი მიწვევა მიიღეს და მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთნენ, რათა ერთიანი გზა ეპოვათ".

რა ხდებოდა მანამდე: გუშინ თურქეთი დათანხმდა, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს.

  • NATO-ში გასაწევრიანებლად ყველა წევრის თანხმობაა საჭირო.

კონტექსტი: 16 მაისს ერდოღანი შვედეთ-ფინეთთან მოლაპარაკებებსაც გამორიცხავდა და ამბობდა, რომ ლიდერებმა თურქეთის გადარწმუნებით "თავი არ უნდა დაიღალონ".

  • ერდოღანი ამბობდა, რომ სკანდინავიური ქვეყნები "ბევრი ტერორისტული ორგანიზაციის სახლია".
  • 24 მაისს თურქეთმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე თანხმობისთვის საჭირო პირობებიც დაასახელა.

არქივიდან: შვედეთმა და ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიღეს.

  • ქვეყნების ლიდერები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ამ ნაბიჯმა ევროპის უსაფრთხოების მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვალა.