სხეულში ტრილიონობით უჯრედია, თუმცა დროთა განმავლობაში ისინი ბერდება და ზიანდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად უჯრედები მუდმივად მრავლდება და "შთამომავლებს" გვიტოვებს, რომლებიც მომავალში მათ ჩაანაცვლებენ.

უჯრედთა ამ მუდმივი აქტივობის წყალობით საზოგადოებაში ერთობ პოპულარული მოსაზრება გაჩნდა: ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ სხეულს თავისი თითოეული ნაწილი უკვე ჩანაცვლებული აქვს — წამწამებიდან დაწყებული, საყლაპავი მილით დამთავრებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უჯრედთა რეპლიკაციის წყალობით თქვენ სრულებით ახალი უჯრედებისგან შედგებით, ვიდრე შვიდი წლის წინ.

რაოდენ საინტერესოდაც არ უნდა ჟღერდეს ზემოხსენებული პერსპექტივა, გასათვალისწინებელია, რომ იგი მთლად სიმართლეც არ არის — ზოგიერთი ორგანოსა და სისტემის უჯრედები ახლებით სულ რამდენიმე თვეში ნაცვლდება, თუმცა ნაწილი უმეტესად იგივე რჩება, რაც დაბადებისას გქონდათ.

ოლაფ ბერგმანის, შვედეთის სამეფო ინსტიტუტის მკვლევრის თქმით, კანისა და ნაწლავების უდიდესი ნაწილი ძალიან სწრაფად, თვეების განმავლობაში ახლდება, ღვიძლის უჯრედებს კი ამისათვის შედარებით მეტი დრო სჭირდება — კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა რადიონახშირბადის მეთოდით დათარიღება გამოიყენეს და დაადგინეს, რომ ღვიძლის უჯრედთა უმრავლესობა 3 წელში იცვლება.

ასევე იხილეთ: რა ასაკისაც არ უნდა იყოთ, თქვენი ღვიძლი მხოლოდ და მხოლოდ 3 წლისაა

გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ ორგანოსა თუ სისტემაში უჯრედების ახლებით ჩანაცვლებას 7 წელიწადზე გაცილებით მეტი დრო სჭირდება.

მაგალითისათვის, ბერგმანის თქმით, ადამიანის გული საკმაოდ ნელა ახლდება — ცხოვრების განმავლობაში კარდიომიოციტების (გულის კუნთოვანი ქსოვილის სტრუქტურულ-ფუნქციური ელემენტები) მხოლოდ 40% ნაცვლდება ახალი უჯრედებით. მეორე მხრივ, ჩონჩხის უჯრედების ახლებით ჩასანაცვლებლად, ანუ ჩონჩხის მთლიანად გასაახლებლად, დაახლოებით 10 წელია საჭირო.

ტვინში უჯრედების განახლება კიდევ უფრო აუჩქარებლად მიმდინარეობს. მეცნიერების მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, ჰიპოკამპუსის ნეირონთა ნაწილი ახლებით ნაცვლდება, თუმცა წლიურად მათი მხოლოდ 1.75% პროცენტი. რეგენერაციას განიცდის სტრიატუმში არსებული ზოგიერთი ტიპის ნეირონიც, თუმცა დანარჩენები მთელი ცხოვრების განმავლობაში იგივე რჩება. მეტიც, უჯრედთა ის პოპულაციებიც კი, რომელთაც განახლება შეუძლია, არა მთლიანად, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ ნაცვლდება ცხოვრების განმავლობაში.

ასე რომ, არა, ჩვენი სხეული 7 წელიწადში ერთხელ არ ახლდება — მეტიც, უჯრედთა ნაწილი მთელი ცხოვრების განმავლობაში იგივე რჩება, რაც დაბადებისას იყო.

ალბათ, ამ დროს კიდევ ერთი შეკითხვა გაგიჩნდებათ: თუკი სხეული ზოგიერთი ნაწილი, მათ შორის, კანი, ნაწლავები და ღვიძლი, ყოველ რამდენიმე წელში ერთხელ ახლდება, მაშინ სამუდამოდ ახალგაზრდები რატომ არ ვართ?

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად "ახალგაზრდაა" ჩვენი კანი, ნაწლავები თუ ღვიძლი, ბიოლოგიური ასაკის გამო წლების გასვლასთან ერთად "ვიზრდებით". უჯრედების განახლებისას ორგანოები მაინც ბერდება, რადგან უჯრედთა გამრავლების პროცესში ცვლილებები იჩენს თავს. ამ დროს დნმ მუდმივად იყოფა და მეორდება, დროის მსვლელობასთან ერთად კი პროცესში ცდომილებები ჩნდება. შესაძლოა, მუტაციები თანდათან დაგროვდეს და უჯრედის ცხოვრებაზე ან კონკრეტული გენების ექსპრესიაზე იქონიოს გავლენა. შესაბამისად, უჯრედების განახლება სხეულის დაბერებას ვერ აჩერებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.