ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია უფლებები საქართველომ გაავრცელა. მათი განცხადებით, ინსა ოგუზი ქვეყანაში დღეს ჩავიდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბლოგერს რუსეთში შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ფონდის, თავისუფალი რუსეთის ხელმძღვანელის, იგორ კუროპტევის ცნობით, ის გაიქცა და რუსეთის საზღვარი გადმოლახა.

  • შსს-ს ცნობით, ინსა ოგუზის საქართველოში შემოსვლაზე უარი 12 ივნისს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე ეთქვა.

დეტალები: უფლებები საქართველო წერს, რომ რუს ბლოგერს ე.წ. ნეიტრალური ტერიტორიის დატოვების და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შესაძლებლობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 ივნისს მისცა.

  • "იმავე დღეს, სამინისტროს წარმომადგენლებმა ინსა ოგუზი დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან თბილისში ჩამოიყვანეს";
  • საქმეში ორგანიზაცია 14 ივნისიდან ჩაერთო — 17 ივნისს მათ ინსა ოგუზისთვის თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და დროებითი განჩინების გამოტანა მოითხოვეს.

ვინ არის ინსა ოგუზი: OVD Info-ს ცნობით, რუსი ბლოგერი თვეების განმავლობაში გამოძიებას ატარებდა ერთ-ერთ მაღალჩინოსანსა და საქველმოქმედო ფონდიდან თანხის გაჟონვაზე.

  • წინასწარი ინფორმაციით, მას ბრალი ტერორისტული საქმიანობისთვის დახმარებისთვის ედება, თუმცა OVD Info-ს განცხადებით, რეალურად გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლით მიმდინარეობს.
  • მას შინაპატიმრობა 2022 წლის თებერვალში შეუფარდეს. მედია მასზე დაყრდნობით წერს, რომ გამომძიებლები მასზე ზეწოლას ცდილობდნენ და თუ დანაშაულს აღიარებდა, გაათავისუფლებდნენ.