2013 წელს სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შემოიღო. მისი მიზანი ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა იყო. ამავე წელს კლინიკებმა მომსახურების ფასი სახელმწიფოსთან შეათანხმეს და ახლა მისი შეცვლა ეკრძალებათ.

კლინიკები სამინისტროსგან ტარიფების გადახედვასა და ინდექსაციაზე გადაწყვეტილებას ელიან. რას გულისხმობს ეს, რატომ არის პრობლემა და ვინ ზარალდება მოუგვარებლობით — ამის გასარკვევად On.ge ჯანდაცვის სფეროს ექსპერტსა და ასოციაციის წარმომადგენელს ესაუბრა. ვცადეთ კომუნიკაცია სამინისტროსთანაც, თუმცა უშედეგოდ.


ტარიფი — კონკრეტული სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად სახელმწიფოს მიერ დადგენილი თანხა.

მომსახურების ფასი — ღირებულება, რომელსაც სამედიცინო დაწესებულება კონკრეტულ მომსახურებას ადებს.

ჯანდაცვის ასოციაციის წევრი, ნინო კიკნაძე განმარტავს, რომ თითქმის ათი წლის შემდეგაც, განსხვავებული მოცემულობის მიუხედავად, კლინიკებისთვის ანაზღაურება იგივეა. მისი თქმით, იმპორტირებული ინვენტარისა და სამედიცინო აღჭურვილობის გაძვირების, კომუნალური გადასახადების ზრდისა და ინფლაციის გამო ჰოსპიტალური ხარჯი გაზრდილია — 2013 წელს დადგენილი ტარიფი კი შეუსაბამო.

"პირობითად, თუ ერთი ოპერაციისთვის 500 ლარი იყო გაწერილი, ის ახლა 1 200 ლარი ჯდება", — აცხადებს ის.

სამედიცინო სფეროს ექსპერტი ნინო მირზიკაშვილიც აღნიშნავს, რომ კლინიკებისთვის ძველ ტარიფზე ოპერირება რთულია და დაწესებული ფასები 2022 წლისთვის არაადეკვატურია.

ვინ და როგორ ზარალდება

სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლად მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სხვა შემთხვევაში კი, როგორც პაციენტები, ასევე, კლინიკები დაზარალდებიან. ამბობენ, რომ პრობლემის მოუგვარებლობა მომსახურების ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

კიკნაძე განმარტავს, თუ როგორაა დაანგარიშებული სახელმწიფო დაფინანსება — მასში შედის დენის, შუქისა და გაზის გადასახადი, ექიმისა და ექთნის ხელფასი, წამალი, სახარჯი მასალა, ბინტი, ბამბა და ა.შ. კლინიკები კი დაფინანსების შესაბამის მედიკამენტებსა და პროდუქტებს ყიდულობენ.

დღეს ეს ყველაფერი გახუთმაგებულია, შესაბამისად, კლინიკა ამ ფასში ყიდულობს ყველაზე დაბალი ხარისხისას. რადგან, სხვანაირად ვერ გაუწევს მომსახურებას

ნინო კიკნაძე

ხეჩინაშვილის სახელობის საუვინივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, მაია მახარაშვილის განმარტებით, ხარჯის დაფარვასა და დაზოგვაზე ორიენტირებულობა სამედიცინო დაწესებულებების განვითარებასაც აფერხებს.

"სამედიცინო დაწესებულებისთვის მოგების გენერირება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საჭიროა მუდმივი რეინვესტირება თანამედროვე ტექნოლოგიებში. იმისთვის, რომ ჩვენ არ ჩამოვრჩეთ უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიურ ტრენდებს, რაც, მაღალკვალიფიციურ პერსონალთან კომბინაციაში, მაღალ სამედიცინო ხარისხს და საუკეთესო სამედიცინო გამოსავალს გულისხმობს", — ამბობს ის.

ნინო მირზიკაშვილი განმარტავს, რომ, შესაძლოა, პაციენტმა ასეთი მომსახურების მინუსი მალე ვერ იგრძნოს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში — უხარისხოდ ჩატარებული ოპერაცია და დანიშნული მედიკამენტი მათზე აისახება.

"პაციენტისთვის რთულია ოპერაციის ჩატარების პერიოდში ხარისხის განსაზღვრა. მაღაზიაში რომ მიდიხარ, უხარისხო და ხარისხიან პროდუქტს არჩევ, ისევე, როგორც დეტალებით — ინფრასტრუქტურით, ექიმთან ურთიერთობით, ამ ყველაფერს აფასებ, მაგრამ ვერ ახერხებ ძირფესვიანად", — ამბობს ის.

მირზიკაშვილის თქმით, სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზე, კონსტიტუციაში გაწერილი სტრატეგიის შესაბამისად, პაციენტმა ხარისხიანი და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება მიიღოს.

სფეროს წარმომადგენლები ამბობენ იმასაც, რომ ხარისხიანი მომსახურების მისაღებად, პაციენტებს ხარჯები ეზრდებათ. კიკნაძის განმარტებით, თუ 2013 წელს ბრმა ნაწლავის ოპერაცია კონკრეტული თანხა ღირდა, ახლა მისი ღირებულება გაზრდილია, თუმცა რადგან სახელმწიფო იმავე თანხით აფინანსებს, პაციენტებს დამატებით გადახდა "საკუთარი ჯიბიდან" უწევს ან იძულებულია, უხარისხო მომსახურების მიღებას დასთანხმდეს.

იგივე მაგალითით განმარტავს პრობლემას ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი და საერთაშორისო ფონდ კურაციოს პრეზიდენტი, გიორგი გოცაძეც. მისი თქმით, ასეთ დროს სახელმწიფოს მხრიდან "სრულად დაფინანსებულ პაციენტი" თანხას ამატებს.

"საბოლოოდ, მივიღეთ, რომ სახელმწიფო რიგით პაციენტს არაკეთილსინდისიერად ექცევა, ან პაციენტისგან ჯანდაცვის ექსპერტობას მოელის და როცა ბრმა ნაწლავის ოპერაცია დასჭირდება, მან ფასი სხვადასხვა საავადმყოფოში უნდა გაარკვიოს და იაფიანი დაწესებულების ძიებით გააკეთოს არჩევანი", — წერს ის.

კიდევ ერთი პრობლემა, რასაც შეუსაბამო ტარიფები ქმნის, მედპერსონალის დაბალი ანაზღაურება და კლინიკების დახურვის საფრთხეა. მაია მახარაშვილი ამბობს, რომ ინფლაციისა და გაზრილი ხარჯების ფონზე მედპერსონალის ანაზღაურება უცვლელი რჩება. მისივე თქმით, საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ექთნებისა და სანიტრების შემთხვევაშია, რადგან მათი რაოდენობა ისედაც მცირეა.

კლინიკებს ხარჯების შეკვეცა მოუწევთ — ექიმსა და ექთანს აუცილებლად შეუმცირდება ხელფასი. კომუნალურების არგადახდას ვერ შეძლებენ, ამიტომ, სადაც თანხას დაზოგავენ, ეს ხარისხი და მედპერსონალი იქნება. უარეს შემთხვევაში, იძულებულები იქნებიან სამსახურიდან გაუშვან და კლინიკა დახურონ.

ნინო მირზიკაშვილი, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი

მოლაპარაკებები

ნინო კიკნაძე On.ge-სთან ამბობს, 120-ზე მეტი კერძო კლინიკის სახელით დაახლოებით 8 თვეა სამინისტროსთან თანამშრომლობენ. მოლაპარაკებები წინა მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის პერიოდში დაიწყეს და უწყებას ხარჯების დათვლის მეთოდოლოგიაც წარუდგინეს.

მანამდე, 2019 წელს სახელმწიფომ ნორმატიული აქტის სახით 520-ე დადგენილება მიიღო, რითაც სახელმწიფო დანახარჯი დააფიქსირა. რესპონდენტები მიუთითებენ, რომ ამ დოკუმენტით ტარიფები არათუ გაიზარდა, არამედ კიდევ უფრო შემცირდა და სამედიცინო დაწესებულებების მდგომარეობა გაუარესდა.

"განხილვების ეტაპზე ვიყავით, თითქმის ბოლოში ვიყავით გასული რომ მინისტრი და თანამშრომლები შეიცვალა, თავიდან დავიწყეთ ყველაფერი", — აცხადებს კიკნაძე.

DRG — მოდელი, რომლის შემთხვევაშიც დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.

მისივე თქმით, სამინისტრო რამდენიმე თვეა იძლევა პირობას, რომ ცვლილება ძალიან სწრაფად მოხდება. რესპონდენტები იმედოვნებენ, რომ, სულ მცირე, კადრიოქირურგიის, რეანიმაციისა და ძვირადღირებული სერვისების ტარიფების ხელახალ გადათვლასა და ინდექსაციას მაინც მიაღწევენ, გადაწყვეტილებას კი ივლისში ელოდებიან. ამასობაში, უწყება კლინიკებში DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები) მოდელის დანერგვას გეგმავს.

ნინო მირზიკაშვილი მიუთითებს, რომ საკითხი ახალი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოსვლის შემდეგ გააქტიურდა. აღნიშნავს, რომ DRG ანაზღაურების სამართლიანი და მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, მაგრამ ასეთ სისტემაზე გადასვლას მთელი რიგი ეტაპები და რამდენიმე წელი სჭირდება. ახლა კი მნიშვნელოვანი და სასწრაფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დადგენილი ტარიფების ინდექსაციაა.

იმის გასარკვევად, როდისაა დაგეგმილი კარდიოლოგიისა და რეანიმაციის ტარიფების ინდექსაცია, DRG-ის სისტემის დანერგვა და რა პასუხები აქვთ გაჟღერებულ პრობლემებზე, ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით. უწყებაში კითხვების წერილობით გაგზავნა გვთხოვეს, შემდეგ კი გვითხრეს, რომ კომენტარს არ გააკეთებენ და შეგვიძლია, მასალა პასუხის გარეშე გამოვაქვეყნოთ. მათივე თქმით, ამ საკითხზე "მედიასთან კომუნიკაცია წინა კვირაში ჰქონდათ", ახლა კი უწყებამ ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა საჭიროდ არ ჩათვალა.