სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ფრაქციას, პარტიასა და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ. ამაზე ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა ბრიფინგზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მდინარაძის განმარტებით, დეპუტატებს მიაჩნდათ, რომ ე.წ. კულისებიდან მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს, რათა საზოგადოებამ სწორი დასკვნები გააკეთოს და სწორედ ეს იყო შეუთანხმებლობის ერთადერთი მიზეზი.

დეტალები: მდინარაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით იყო კამათი დისკუსია და დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ სჭირდებოდათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი.

  • მისივე თქმით, გუნდი ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდა, თუმცა დისკუსიაზე ჩანდა, რომ "ოცნების" დეპუტატების გადაწყვეტილება საბოლოო იყო.

რა იცვლება ქართული ოცნებისთვის: მმართველი პარტია, რომელსაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში 90 მანდატი ჰქონდა, თავდაპირველად ჯერ ექსპრემიერის გუნდის წევრებმა დატოვეს და უმრავლესობას 84 მანდატი დარჩა.

  • ამიერიდან ქართულ ოცნებას პარლამენტში 81 მანდატი ექნება.
  • ამას გარდა, სოზარ სუბარი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი იყო.