ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ, იაპონელ კოლეგებთან ერთად, მისია BepiColombo-ს ფარგლებში მერკურის შესასწავლად გაშვებულმა აპარატმა, რომელიც ორი ზონდისგან შედგება, ციურ სხეულს უკვე მეორეჯერ ჩაუარა და ის ახლოდან გადაიღო. ხომალდმა მზის სისტემის ყველაზე პატარა პლანეტასთან 23 ივნისს, 200 კილომეტრ მანძილზე ჩაიფრინა.

აპარატი უკვე 7 წელია, დედამიწის, ვენერასა და თავად მერკურის გრავიტაციას იყენებს, რათა მოძრაობა შეანელოს და ამ უკანასკნელი ციური სხეულის ორბიტაზე განლაგდეს, რომელიც მისი საბოლოო დანიშნულების ადგილია. ეს 2025 წლისთვის იგეგმება.

პირველი ჩავლა 2021 წელს შედგა, ახლა კი ის პლანეტას მეორედ მიუახლოვდა, რისი ამსახველი ვიდეოც ESA-მ გამოაქვეყნა. ის 56 კადრს აერთიანებს, რომელიც დაბალი გარჩევადობის სამმა საკონტროლო კამერამ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, მინიმალური დისტანციის მიღწევის შემდეგ გადაიღო.

ფოტო: ESA

პირველი კადრი 920 კილომეტრი მანძილიდანაა აღბეჭდილი, ბოლო კი — 6 099 კილომეტრიდან. რადგან ხომალდი პლანეტასთან ყველაზე ახლოს ჩაბნელებული მხრიდან მივიდა, ეს მომენტი ნაჩვენები არაა. სამაგიეროდ, ამ დროს სხვა ხელსაწყოები გააქტიურდა და მზის ქარის, ანუ ვარსკვლავიდან მომდინარე დამუხტული ნაწილაკების ნაკადის შესახებ მონაცემები მოიპოვა.

ვიდეოში მერკურის უსწორმასწორო ზედაპირს ვხედავთ, რომელიც კრატერებითა და ვულკანური წარმონაქმნებითაა სავსე. ერთ-ერთი ასეთი ღრმული სიდიდით გამოირჩევა, კერძოდ, 1 550 მეტრი სიგანისაა. ის 100 კილომეტრი დიამეტრის მქონე ასტეროიდთან შეჯახების შედეგად გაჩნდა. შედარებისთვის, ობიექტი, რომლის დედამიწაზე ჩამოვარდნამაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია, 10 კილომეტრი სიგანის იყო.

აღსანიშნავია, რომ BepiColombo მხოლოდ მეორე მისიაა, რომელიც მერკურის გარშემო ორბიტაზე მოძრაობას ითვალისწინებს. ასევე, მესამეა, რომლის ფარგლებშიც ამ პლანეტას სურათი გადავუღეთ. იქამდე მიღწევა ძნელია, რადგან აპარატებს მზის მძლავრ გრავიტაციასთან უწევს შეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ, სპეციალისტებმა ხანგრძლივი ტრაექტორია შეიმუშავეს.

მომდევნო ჯერზე ის მერკურის 1 წელში ჩაუვლის, თუმცა მანამდე, მომდევნო თვეში, მზეს მაქსიმალურად მიუახლოვდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.