წლების განმავლობაში ბეტმენის როლი რამდენიმე მსახიობმა მოირგო, რომელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული კრისტიან ბეილია. კრისტიან ბეილის ბეტმენის ტრილოგია ცნობილმა რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა გადაიღო. დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს მეოთხე ფილმის გადაღებაც იგეგმებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ბეილმა უარყო ჭორები, რომლის მიხედვითაც, ბეტმენის განსახიერება მეოთხედ სთხოვეს.

"არა, ეს ჩემთან არავის უხსენებია. ხანდახან ადამიანები მეუბნებიან: 'გავიგე, შენთან მოვიდნენ და ეს ყველაფერი შემოგთავაზეს'. მე კი ვპასუხობ: 'ეს ჩემთვის სიახლეა. ასეთი რამ არავის არასდროს უთქვამს", — განაცხადა მსახიობმა.

ამის მიუხედავად, კრისტიანის თქმით, მზადაა, ბეტმენის როლი ხელახლა მოირგოს, ოღონდ ერთი პირობით — ფილმი კვლავ კრისტოფერ ნოლანმა უნდა გადაიღოს.

"კრის ნოლანთან შეთანხმება მქონდა. ჩვენ ვთქვით: 'მოდი, სამი ფილმი გადავიღოთ, თუ ამდენად გაგვიმართლებს და ამით დავასრულოთ, ნუ გავწელავთ'. იმ შემთხვევაში, თუ კრის ნოლანი თავად მეტყვის: 'იცი რა, კიდევ ერთი ამბავი მაქვს მოსაყოლი' და თუ ამ ამბის მოყოლას ჩემთან ერთად გადაწყვეტს, დავთანხმდები", — თქვა კრისტიან ბეილმა.

ცოტა ხნის წინ კრისტიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რობერტ პატინსონის მონაწილეობით ბეტმენი ჯერ არ უნახავს, თუმცა აუცილებლად აპირებს, რადგან თვლის, რომ რობერტი შესანიშნავი მსახიობია.

ნოლანის ბეტმენის ტრილოგიის ფილმები 2005, 2008 და 2012 წლებში გამოვიდა. ფილმებში კრისტიან ბეილის გარდა ისეთი ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ, როგორებიც არიან ჰიტ ლეჯერი, გარი ოლდმენი, მორგან ფრიმენი, მაიკლ კეინი, კილიან მერფი, ტომ ჰარდი, ენ ჰეტევეი და სხვები.