წიგნები, რომლებიც ზაფხულის არდადეგებზე ჰამაკში წოლისას წაგვიკითხავს, მაინც უფრო სასიამოვნოდ გვაგონდება, ვიდრე დანარჩენი. გვახსოვს, როგორ ვხვდებოდით ჩვენც ამბის პერსონაჟები და გარშემო არსებულ სიმწვანეს ჩვენი წარმოსახვით ვავსებდით.

ამ წიგნებს ხშირად ჩვენი მშობლები გვირჩევდნენ ხოლმე, და გამოიცანი რა? ახლა შენ ხარ ეს მშობელი. VELI.store-მა შენთვის 10 წიგნს მოუყარა თავი, რომლებიც ბავშვების თავისუფალ დროს სასიამოვნო, მრავალფეროვანი გამოცდილებით აავსებს.

1. დეტექტივი კალე ბლუმკვისტი — ასტრიდ ლინდგრენი

13 წლის კალე ბლუმკვისტი მოწოდებით დეტექტივია. ის შვედეთის ერთი პატარა, მოსაწყენი ქალაქის მკვიდრია, რომელსაც ძია ეინარი ეწვევა. დეტექტივი კალე ბლუმკვისტის მახვილი თვალი უმალვე ამჩნევს ძია ეინარის ავ ზრახვებს, ამიტომაც ფარულ გამოძიებას იწყებს, რათა თავისი სიმართლე დაამტკიცოს.

თუ შენი შვილიც კალე ბლუმკვისტივით ცნობისმოყვარეა და კითხვები არასდროს ელევა, ეს წიგნი მას ახალი აღმოჩენების გაკეთებაში დაეხმარება.

2. მოკლე კატოს თავგადასავალი — ზაირა არსენიშვილი

ნაყინის სიყვარულით სავსე მოკლე კატო დიდი ქალაქიდან უკვდავების წყაროს საძებნელად ცხრა მთასა და ბარს გადაივლის. ვის აღარ შეხვდება: მზეთუნახავ კისკისას, კატა შავრასა და თაგუნა თიკოს, მეტმეცნიერს, ბერ ქედანსა და ყვავ ობოლას… შემდეგ ოქროს ვერძი ცაშიც კი ააფრენს…

უსასრულო წარმოსახვის სამყაროში გზების გასაკვალად ეს წიგნი ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია.

3. ჰეკლბერი ფინის თავგადასავლი — მარკ ტვენი

ვინც მდინარე მისისიპის ნაპირებზე არასდროს მოხვედრილა, ვისაც უყვარს ფათერაკიანი თავგადასავლები და აკრძალულ, ადამიანის ფეხდაუდგმელ ადგილებში ხეტიალი, თამამად შეუძლია გაჰყვეს უშიშარ, გონიერ და უცნაურ ბიჭს — ჰაკლბერი ფინს. ის თავის მეგობარ ტომ სოიერთან ერთად, ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრებას სწორედ შფოთიანი და ფათერაკებით სავსე ამბები ურჩევნია, რადგან კარგად იცის, რა იდუმალი, მოულოდნელი და საინტერესოა ასეთი ცხოვრება.

ეს წიგნი ნებისმიერი ბავშვისთვის ჰეკლბერ ფინს საუკეთესო მეგობრად აქცევს. ამოგზაურებს ბევრ თავგადასავალში და მის ყველა გიჟურ წარმოსახვას სრულყოფს.

4. უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს — ჯონათან საფრან ფოერი

წიგნის მთავარი გმირია ცხრა წლის ოსკარ შელი, ჭკვიანი და უცნაური ბიჭი, რომელსაც 11 სექტემბრის ტრაგედიისას მამა დაეღუპა. ოსკარი ცდილობს, მამის სიკვდილით გამოწვეულ დარდს ებრძოლოს და ეს ბრძოლა ფსიქოთერაპიის სეანსიდან კი არ იწყება, რომელზეც დედას მიჰყავს, არამედ მამის ნივთებში ნაპოვნი კონვერტიდან, რომელშიც გასაღები დევს. ოსკარი მთელს ნიუ-იორკში ეძებს საკეტს, რომელსაც ის მოერგება და იმედი აქვს, რომ შეიტყობს მამასთან დაკავშირებულ საიდუმლოს.

ამ ემოციური ნაწარმოების კითხვისას მისი დრო შეუმჩნევლად და სასიამოვნოდ გავა. ოსკართან ერთად გაივლის ყველა ეტაპს და მის მღელვარებას გაიზიარებს.

5. წიგნის ქურდი — მარკეს ზუზაკი

ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად, ჰიმელსტრიტზე ცხოვრობს. მისი მშობლები საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობელზე, ეს ჰიმელს-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა.

ემოციური აღმასვლითა და დაღმასვლით სავსე წიგნი, ბავშვს ისტორიულ კონტექსტსაც გააცნობს და ანახებს იმ დროს თანატოლი გოგონას თვალებით.

6. სკანდარი და ცალრქის ქურდი — ა.ფ. სტედმენი

ჯადოსნურ კუნძულზე სახიფათო, სტიქიური ძალებით დამუხტული ცალრქები ბინადრობენ, რომელთა სამართავად გამოცდილი მხედრებია საჭირო. მაგრამ ეს ყველას როდი შეუძლია — ცალრქისა და მისი მხედრის ბედი დაბადებისთანავე ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და ასეთ იღბლიანებს ინკუბატორიუმში მხოლოდ მათთვის განკუთვნილი კვერცხი ელით.

კონტინენტზე მცხოვრები სკანდარ სმიტიც საკუთარ ცალრქაზე ოცნებობს, მაგრამ სანამ სანატრელი ინკუბატორიუმის კარი მისთვის გაიღება, როგორმე კუნძულამდე უნდა მიაღწიოს, ამაში კი ვიღაც დაჟინებით უშლის ხელს.

ამასობაში კუნძულს იდუმალი ბოროტმოქმედი, მეტსახელად მქსოველი ემუქრება, რომელიც მხედრებს თავს ესხმის და მათ ცალრქებს იტაცებს.

ფანტასტიკური სამყარო სავსეა თავგადასავლებით, რომლებიც საერთო მიზანს ემსახურება და სიმამაცით ავსებს მკითხველს. წიგნი მას ამ კუნძულის ერთ-ერთ ბინადრად აქცევს, კეთილის მხარეს დადგება თუ ბოროტის? ამას თავად გადაწყვეტს.

7. ჩემი პირველი ვეფხისტყაოსანი

ეს წიგნი არის მარტივი, საბავშვო ენით მოთხრობილი რუსთველისეული ვეფხისტყაოსნის ამბავი. ამბავი ნამდვილი მეგობრობის, სიყვარულისა და გმირობის შესახებ, რომელიც გაფორმებულია ქართული, მინიატიურების სტილში შესრულებული ილუსტრაციებით, რაც მთელ ამ ამბავს ბავშვებისთვის კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

რთულია ბავშვს სწორად დაანახო ორაზროვანი, ხატოვანი თხრობის მიღმა დამალული რეალური სათქმელი. ეს წიგნი კი მას რეალურ ადამიანურ ღირებულებებს, მისთვის გასაგები და საინტერესო ენით აუხსნის.

8. მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ — ტომას სტერნზ ელიოტი

ტომას სტერნზ ელიოტს შვილები არ ჰყავდა, მაგრამ ბავშვები უყვარდა და კატებიც უყვარდა ტომას სტერნზ ელიოტს. დღემდე არავის ეპარება ეჭვი — ლიტერატურის კრიტიკოსებს ვგულისხმობ — რომ ტომას ელიოტი უდიდესი მოდერნისტი პოეტია.

კატების წიგნი 1939 წელს გამოიცა. თოთხმეტი სხვადასხვა სახელიანი და სხვადასხვა ხასიათიანი კატა — სულ ესაა მთელი წიგნი და კიდევ წინათქმა, კატის სახელის შერჩევისა გამო.

ტომას ელიოტი კატებში სიტყვებით, სახელებით, ფრაზებით თამაშობს და უნდა აჰყვე, ოსტატობა და მახვილგონიერება გეყოს და აჰყვე. ეს წიგნი, შენს შვილს პოეზიის იმ მხარეს გააცნობს, რომელიც თავისი რიტმებითა და რითმებით კითხვას სახალისოს და საინტერესოს ხდის.

9. მოდი, ერთად დავითვალოთ — კრისტინ როშიფტე

ვაშა! რა კარგია, რომ ადამიანები ერთიმეორისგან განვსხვავდებით!

ეს არის წიგნი-თავსატეხი, რომელშიც მას შეეძლება დაითვალოს ადამიანები, მათ ცხოვრებას მიჰყვეს, მათი განცდები გაიაზროს და მიხვდეს, რომ ბევრის ამბავი ერთიმეორეს უკავშირდება.

წიგნში უამრავი დიდ-პატარა საიდუმლოა. ცნობისმოყვარე, დაკვირვებული მკითხველი მათ აუცილებლად ამოიცნობს და ისიც ამბებს უფრო გულმოდგინედ თუ მიჰყვება, იქნებ, საკუთარი თავიც აღმოაჩინოს.

10. მიმბო-ჯიმბო ხელოვნების ნიმუშს ქმნის — იაკობ მარტინ სტრიდი

დღეს მიმბო-ჯიმბომ ხელოვნების ნიმუში უნდა შექმნას. მან უნდა გამოიყენოს საღებავები, ჩოგბურთის ჩოგანი, ზარბაზანი და მუმბო-ჯუმბო. ეს ძალიან რთულია. შენი შვილი კი მას ამ ყველა პროცესის გავლაში დაეხმარება, გამოხატავს საკუთარ თავს და თავისივე ინსპირაციით შეიტანს წვლილს ხელოვნების ნიმუშის შექმნაში.

ესეც 10 წიგნი, რომელიც ბავშვის ზაფხულს კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის. ყველა წიგნის შეძენა www.veli.store-ზე შეგიძლია, თან შეკვეთას თბილისსა და მის გარშემო, იმავე დღეს 3 საათში მიიღებ.