სიცივისას ვკანკალებთ და კბილები გვიკაწკაწებს. მართალია, ეს რეფლექსები ერთი შეხედვით ეფექტურად სულაც არ გამოიყურება, თუმცა, სინამდვილეში, ისინი სითბოს წარმოქმნას ემსახურება.

როგორც Live Science-თან საუბრისას დოქტორმა რობერტ გლიტერმა განაცხადა, სხეულის შინაგანი ტემპერატურა (შინაგანი ორგანოების ტემპერატურა) დაახლოებით 37 გრადუსი უნდა იყოს. ჰიპოთერმიისგან — სხეულის სახიფათოდ დაბალი ტემპერატურა — თავის დასაცავად ტვინი ამას ძალიან ფრთხილად მეთვალყურეობს.

მაშინ, როდესაც კანის ზედაპირი ზედმეტად ცივდება, მისი რეცეპტორები ჰიპოთალამუსს, ტვინში არსებულ ნუშის ზომის სტრუქტურას, უგზავნის სიგნალებს. ჰიპოთალამუსის მიზანი ჰომეოსტაზის შენარჩუნებაა, სხეულისათვის სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება, რისთვისაც იგი სხეულის ტემპერატურას, სისხლის წნევას, შიმშილს, წყურვილს, განწყობასა და ძილს აკონტროლებს.

ერთ-ერთი მეთოდი, რომლის საშუალებითაც ჰიპოთალამუსი ჩვენს გათბობას ცდილობს, კანკალია. ამ დროს განივზოლიანი კუნთები — ჩონჩხთან დაკავშირებული კუნთები, რომლებიც სხეულს მოძრაობაში ეხმარება — მრავალჯერ, სწრაფად იჭიმება და დუნდება. სწორედ ამგვარი მოძრაობები იწვევს ყბის კუნთების მკვეთრ მოძრაობას და, შესაბამისად, კბილების კაწკაწს.

კუნთების შეკუმშვა ქიმიურ ენერგიას ხარჯავს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაწილი მოძრაობად გარდაიქმნება, უმეტესობა მაინც სითბოს სახით იკარგება. კანკალის დროს სხეული სწორედ ამ მექანიზმით თბება.

გასათვალისწინებელია, რომ სიცივისა და სხვა მიზეზებისაგან გამოწვეული კანკალი ერთმანეთისაგან განსხვავდება. მაგალითისათვის, გლატერის თქმით, თრთოლა, რომელსაც ჩვენში საშიში სიტუაციები აღძრავს, ბრძოლა ან გაქცევის რეაქციასა და ადრენალინის გამოყოფას მოიცავს. ამ ჰორმონის დანიშნულებაა, საფრთხეში ყოფნისას გაქცევისთვის ან შებრძოლებისათვის შეგვამზადოს.

"ადრენალინი კუნთებს შეკუმშვისათვის ამზადებს, ამიტომაც კანკალი ამ კონტექსტში რეაქციაა, რომელსაც ვენებსა და დანარჩენ სხეულში ნარჩენი ადრენალინის გადაადგილება იწვევს".

აღსანიშნავია, რომ სისხლში შაქრის დაბალი დონე, იგივე ჰიპოგლიკემია, ადრენალინის გამოყოფას ასევე იწვევს, რაც შესაძლოა, კანკალში, ტრემორში, გულის აჩქარებაში, შფოთვაში, ოფლიანობასა და შიმშილში გამოიხატოს.

გასათვალისწინებელია, რომ კანკალი ტრემორისგან ასევე განსხვავდება. ეს უკანასკნელი ისეთი ტიპის კანკალია, როგორიც სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადების, თუნდაც პარკინსონის დაავადების, დროს ვლინდება.

"ტრემორი კუნთის ან კუნთების უნებლიე შეკუმშვაა, რომელიც კანკალის ტიპის მოძრაობას იწვევს, როგორც წესი, ხელებში, ზოგჯერ კი ფეხებში, თავში ანდა სულაც მთელს სხეულში", — განაცხადა გლატერმა — "ტრემორი ტვინის იმ ნაწილში არსებული დარღვევის შედეგად ჩნდება, რომელიც კუნთის მოძრაობებს აკონტროლებს".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.