ყოველდღე არ ხდება, რომ გრაფიტს 30-წუთიან რეპორტაჟს უძღვნიან რუსთავი 2-ზე, საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს არხზე, რომლის სარედაქციო პოლიტიკაც ხელისუფლებისადმი მიკერძოებულია.

გადაცემა, რომელიც 7 მაისს გავიდა, 2022 წლის მარტში დაიწყებულ პანიკას ეხება. თინეიჯერების ჯგუფმა სოფლის ავტობუსის გაჩერებაზე მწვანე, თეთრ და წითელ ფერებში დროშა დახატეს — რეპორტაჟში განხილულია, რომ დროშამ ადგილობრივებს შორის აღშფოთება გამოიწვია, რადგან მათი თქმით, ეს "პროვოკაცია" იყო.

ეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის იჩქერიის დროშაა — დამოუკიდებელი ჩეჩნური სახელმწიფოსი, რომელიც რუსეთის ფედერაციამ პირველ და მეორე ჩეჩნურ ომში გაანადგურა. დროშის გრაფიტი პანკისის ხეობაში უადგილო არ იქნებოდა — ხეობის ძირითადი მცხოვრებლები ჩეჩნეთის ქვეეთნოსი, ქისტები არიან. ბევრ მათგანს ჰყავს ნათესავი ჩეჩნეთში, დანარჩენი ორი ომის ლტოლვილები არიან.

ბევრისთვის ეს დროშა თავისუფლებისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგობის სიმბოლოა, ხოლო გრაფიტზე პასუხი სიგნალია იმ მუდმივი დისკრიმინაციისა, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ქისტები აწყდებიან — განსაკუთრებით, იმ მთავრობის პირობებში, რომელზეც ბევრი ფიქრობს, რომ რუსეთის მიმართ ზედმეტად თავაზიანია.

დიდი დრო არ დასჭირვებია პოლიციას, რომ დროშა გადაეღებათ და იმავე დღეს წითელი საღებავით დაფარეს. მალევე, თინეიჯერები ისევ მიბრუნდნენ და უკრაინის დროშასთან ერთად, ჩეჩნეთის რესპუბლიკის იჩქერიის დროშა ხელახლა დახატეს.

მომდევნო დღეს ორივე დროშა გადაღებეს. პარალელურად, სამართალდამცავებმა დაადგინეს, ვინ იდგა ამ ნახატების უკან, მოზარდები დაკითხეს და დაჭერით დაემუქრნენ.

თუმცა ამას ახალგაზრდები არ შეუჩერებია, დაბრუნდნენ და კიდევ ერთხელ დახატეს დროშები. ამჯერად პოლიციამ წითელი საღებავი აღარ გამოიყენა და ნახატები საქართველოს დროშით გადაღება.

ამ უკანასკნელმა მოქმედებამ გამოიწვია პანკისში დაბადებული აქტივისტისა და ჟურნალისტის სულხან ბორძიკაშვილის აღშფოთება.

"წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ საქართველოს დროშა სხვა დროშით გადაღებოს, მაშინ ეს პროვოკაცია იქნება. ქვეყნის დროშის ხელახლა მოხატვა აპრიორი არასწორია. სწორედ მაშინ დავრწმუნდი, რომ ეს პროვოკაციაა [იჩქერიის ქისტური თემის წინააღმდეგ]", — უთხრა მან OC Media-ს.

შემდეგ სულხანმა იჩქერიის დროშები შეიძინა და განაცხადა, რომ პანკისში ნებისმიერ მსურველს გადასცემდა — მისი თქმით, სჯობს მოზარდებს დროშები სახლებში ჰქონდეთ, ვიდრე პოლიციასთან მათი დახატვის გამო პრობლემები შეექმნათ.

მშვიდობის დამყარებისა და კონფლიქტის მოგვარების საინიციატივო ჯგუფის, მე-16 ელემენტის წევრმა, პანკისის მცხოვრებმა, თინათინ ფარეულიძემ, OC Media-ს განუცხადა, რომ მედიამ დროშის მიმართ ადგილობრივების დამოკიდებულება არაზუსტად გადმოსცა.

"იჩქერიის დროშა, ზოგადად, ქისტებში თავისუფლებასა და გამბედაობასთან ასოცირდება, უკრაინაში ომმა ადგილობრივებში ეს ემოციები გამოაღვიძა და ფართო მასებისთვის ცხადი გახადა, რისთვის იბრძვის ჩეჩნეთი. ამ ფაქტში მე ვერ ვხედავ რაიმე სეპარატიზმის საფრთხეს ანდა კონფლიქტის პროვოკაციას", — თქვა მან.

ფოტო: Sulkhan Bordzikashvili

პრობლემური ურთიერთობა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელმა, თამთა მიქელაძემ OC Media-ს განუცხადა, რომ ეს პანკისელებისა და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობაზე იმოქმედებს.

"ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკაზე ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად კარგად ახერხებენ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები ნორმალიზებას, პროდასავლური პოლიტიკის ცხადად მხარდაჭერას, დღეს მთლიანად არის წარმოდგენილი საჯარო განხილვებში. შემიძლია ვთქვა, რომ ეს წუხილი და ეჭვი პანკისის ხეობაში უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე ქართულ საზოგადოებაში", — თქვა მან.

მიქელაძე ამბობს, რომ პანკისში მაშინვე იყო საუბარი საქართველოში პრორუსული პოლიტიკური ორიენტაციის აღქმებზე, ან იმაზე, რამდენად მარტივად შემოვიდნენ საქართველოში რამზან კადიროვთან დაკავშირებული პირები, რომლებიც პანკისის ხეობაში მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდნენ.

მიქელაძის თანახმად, პანკისში მოსახლეობა დიდი ხანია არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ — განსაკუთრებით, მათ მიმართ განმეორებადი სახელმწიფო ძალადობის შემდეგ. მისი თქმით, დროშის ინციდენტი ამ გრძნობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

"მაჩალიკაშვილის საქმეში პოლიციის ძალიან სერიოზულმა და არასწორად ჩაფიქრებულმა ოპერაციამ გამოიწვია მთავრობის მიმართ მაღალი უნდობლობა და უსაფრთხოების მკაცრი ზომები", — განმარტა მან.

თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობის 19 წლის მკვიდრი იყო, რომელიც 2017 წელს საქართველოს უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა საკუთარ სახლში მოკლეს. მოზარდის მკვლელობის საქმე გააკრიტიკეს უფლებადამცველმა ჯგუფებმა და საქართველოს სახალხო დამცველმა.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.