აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წლის გადაწყვეტილება გააუქმა, რომელიც ქალებს საკუთარი სურვილით აბორტის გაკეთების კონსტიტუციურ უფლებას აძლევდა. ეს იმას გულისხმობს, რომ ცალკეულ შტატს თავად ექნება უფლება გადაწყვიტოს, დაშვებული იქნება თუ არა აბორტი.

აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმება, რომელმაც ქალებისთვის კანონიერი და, შესაბამისად, უსაფრთხო აბორტზე ხელმისაწვდომობა და საკუთარი სხეულის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება შეუზღუდა, სოციალურ ქსელებში თუ საჯაროდ საზოგადოებამ, მათ შორის, უამრავმა ვარსკვლავმაც გააპროტესტა. ამ სტატიაში 10 ასეთ ცნობილ ადამიანს წარმოგიდგენთ:

1. მიშელ ობამა

ფოტო: Getty Images

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი გადაწყვეტილებას ტვიტერზე გრძელი განცხადებით გამოეხმაურა. მიშელის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით წარსულში ვბრუნდებით — მაშინ, როცა ქალების უფლებები დაცული არ იყო და უკანონო აბორტის გასაკეთებლად ისინი საკუთარი სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებდნენ.

"ამ საზარელ გადაწყვეტილებას გამანადგურებელი შედეგები ექნება, ამიტომ ამან უნდა გამოგვაფხიზლოს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, რომლებიც ამ მძიმე ხვედრს საკუთარ თავზე გამოსცდიან. ვიცი, რომ ეს ის მომავალი არაა, რომელსაც თქვენი თაობისთვის ირჩევთ, მაგრამ თუ ახლა დანებდებით, ისეთ ქვეყანას მიიღებთ, რომელიც არ წარმოგადგენთ თქვენ და იმ ფასეულობებს, რომლებისაც გწამთ", — ამბობს მიშელი.

მიშელმა მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდა:

"შეიძლება ჩვენი გულები ახლა გატეხილია, თუმცა ხვალ უნდა ვიპოვოთ ჩვენს თავში სიმამაცე იმ ამერიკის შესაქმნელად, რომელსაც ვიმსახურებთ. ბევრ რამეს უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა, ავჯანყდეთ და ხმა ამოვიღოთ — ვიცი, რომ ამას ერთად შევძლებთ".

2. ტეილორ სვიფტი

ფოტო: Getty Images

მომღერალმა ტეილორ სვიფტმა მიშელ ობამას განცხადება გადატვიტა და დაწერა:

"შეშფოთებული ვარ, რომ აქ ვართ — ადამიანები ამდენი ათწლეული იბრძოდნენ, რომ ქალებს საკუთარ სხეულზე უფლება მოეპოვებინათ, დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კი ეს ყველაფერი წაგვართვა", — განაცხადა ტეილორმა.

3. ჰარი სტაილსი

ფოტო: Getty Images

ჰარი სტაილსმა მიშელ ობამას განცხადება ინსტაგრამზე დადო და მას საკუთარი აზრიც დაურთო: "დღეს ამერიკელი ხალხის გამო განადგურებული ვარ. მოიკითხეთ თქვენი მეგობრები, ერთმანეთს მიხედეთ. ეს ყველა ჩვენგანის პრობლემაა და ბრძოლა მხოლოდ დასაწყისია. ამერიკისთვის ნამდვილად ბნელი დღეა".

4. P!nk

ფოტო: Getty Images

"მოდი, შევთანხმდეთ: თუ გჯერა, რომ ქალის საშვილოსნო, ლგბტქ ადამიანების ცხოვრება და ქორწინება სახელმწიფოს საქმეა ან რასიზმი მიღებულია, გთხოვ, ღვთის გულისთვის, არასდროს მოუსმინო ჩემს მუსიკას. და საერთოდ, დაახვიე. შევთანხდმით?" — წერს მომღერალი ტვიტერზე.

5. ოლივია როდრიგო

ფოტო: Getty Images

Glastonbury-ის მუსიკალური ფესტივალზე სიმღერის შესრულებამდე ოლივია როდრიგო სიტყვით გამოვიდა: "ამ გადაწყვეტილებით განადგურებული და შეშინებული ვარ. ამის გამო უამრავი გოგო დაიღუპება. მინდა, შემდეგი სიმღერა უზენაესი სასამართლოს იმ ხუთ მოსამართლეს მივუძღვნა, რომლებმაც დაგვანახეს, რომ თავისუფლება საერთოდ არ აღელვებთ. ჩვენ გვეზიზღებით", — განაცხადა როდრიგომ სიმღერის შესრულების წინ, რომელიც ლილი ალენის Fuck You აღმოჩნდა. მოგვიანებით ოლივია როდრიგოს სიმღერის ავტორი ლილი ალენიც შეუერთდა.

6. ბილი აილიში

ფოტო: Getty Images

ბილი აილიში Glastonbury-ის მუსიკალურ ფესტივალზე ერთ-ერთი სიმღერის წარდგენისას, რომელიც, მისი თქმით, ძალაუფლებასა და მის ბოროტად გამოყენებას ეხებოდა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა:"დღეს ამერიკაში მცხოვრები ქალებისთვის ძალიან ბნელი დღეა. არც შემიძლია ამაზე მეტის ფიქრი".

7. მერაია ქერი

ფოტო: Getty Images

"გაუგებარი და გულდასაწყვეტია ჩემი 11 წლის შვილისთვის იმის ახსნა, თუ რატომ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელშიც ქალთა უფლებები ჩვენ თვალწინ ნადგურდება", — დაწერა მომღერალმა მერაია ქერიმ ტვიტერზე.

8. მეგან თი სტალიონი

ფოტო: Getty Images

Glastonbury-ის მუსიკალურ ფესტივალზე გამოსვლისას სასამართლოს გადაწყვეტილება მეგან თი სტალიონემაც გააპროტესტა:

"დარწმუნებული ვარ, რომ გოგოები და ბიჭები იმ სისულელეს მხარს არ დაუჭერენ, რომლის კამპანიაც აქტიურად გრძელდება. ამ მომენტში ტეხასის ძალიან მრცხვენია და ყველამ იცით, რომ ეს ჩემი მშობლიური შტატია", — განაცხადა გამოსვლისას რეპერმა და თან დასძინა, რომ სავარაუდოდ, ტეხასი იმ 16 შტატს შორისაა, რომლებშიც აბორტი აიკრძალება.

რეპერის გამოსვლა ფესტივალზე მყოფ ადამიანებს ძალიან მოეწონათ და როცა მომღერალმა ფრაზა "ჩემი სხეული ჩემი დედამო**ნული არჩევანია" გააჟღერა, ყველამ იგივე გაიმეორა და შეძახილები დიდხანს არ გაჩერებულა.

9. ბილი ჯო არმსტრონგი

ფოტო: Getty Images

ლონდონის სტადიონზე გამართულ კონცერტზე გამოსვლის დროს Green Day-ის სოლისტმა ბილი ჯო არმსტრონგმა აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმება გააპროტესტა და განაცხადა, რომ აშშ-ის მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებს:

"შევე*ი ამერიკას, აშშ-ის მოქალაქეობაზე უარს ვამბობ და საცხოვრებლად აქ გადმოვდივარ", — ასე მიმართა მომღერალმა სტადიონზე შეკრებილ ბრიტანელ ხალხს.

10. ვაიოლა დევისი

ფოტო: Getty Images

"ახლა ისე, როგორც არასდროს, ჩვენი ხმა და ძალა უნდა გამოვიყენოთ", — დაწერა მსახიობმა ვაიოლა დევისმა ტვიტერზე.

ამავე თემაზე: