17 ივნისს უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მიღებაზე რეკომენდაცია მიეცა, საქართველოს კი არა. ეს დეზინფორმაციის ახალი ტალღის აგორების საფუძველი გახდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მსგავსი მესიჯბოქსები რუსეთის პროპაგანდის ნაწილია.

  • ასეთი ნარატივების გავრცელება კრემლს ეხმარება დასავლეთის მიმართ ხალხის უარყოფიი დამოკიდებულება გააღვივოს, რუსეთი კი არა მტრულ, არამედ მეგობარ ქვეყანად წარმოაჩინოს.

დეზინფორმაცია უკრაინის კანდიდატის სტატუსზე: GRASS ანგარიშში ანტიდასავლური და პრორუსული ალტ-ინფოს დეზინფორმაციულ გზავნილებზე მიუთითებს.

  • კერძოდ, ისინი ავრცელებდნენ ნარატივს, თითქოს რუსეთი უკრაინაში ომს იგებს, ხოლო ევროპა უკრაინას კანდიდატის სტატუსს ანიჭებს, რათა ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა აიძულოს, რაც სიცრუეა.
  • ასევე, ამტიცებდნენ, რომ უკრაინა აუცილებლად დაკარგავს ტერიტორიებს, შეიცვლება საზღვრები, ამიტომ, გაჩდება კითხვა, რომელი ნაწილი შეუერთდება ევროკავშირს — ამ თეორიების გასამყარებლად არანაირი არგუმენტი არ არსებობს.
  • ალტ-ინფო ცდილობდა გაევრცელებინა მოსაზრება, რომ უკრაინა ვერცერთი დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებას ვერ შეძლებს და ქვეყანას უზარმაზარი დანაკარგების გამო კატასტროფა ელის — ეს მავნე მოსაზრებაა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაშიც გაუვრცელებიათ.

დეზინფორმაცია საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე: GRASS-ის ინფორმაციით, საქართველოში ომის რისკის შიში პროპაგანდისტების მთავარ იარაღად რჩება. ისინი ყურადღებას მმართველი პარტიის განცხადებებზე ამახვილებს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მესიჯბოქსებს კამპანიური ხასიათი აქვს და ის ყველა დეზინფორმაციულმა წყარომ აიტაცა. ქართულ პროპაგანდისტულ ჯგუფებში მსგავსი ნარატივები ყველაზე გავრცელებადი გახდა:

  • პროპაგანდის ნაწილი იყო ღარიბაშვილისთვის "მეორე ფრონტის არგახსნის გამო" მადლობის გადახდა, რადგან — მიუხედავად იმისა, რომ სტატუსის ვერ მივიღეთ, "რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს თავზე რუსული ბომბები არ ცვივა".

რიცხვებში: 7 პროპაგანდისტული პოსტი თითქმის 4 700 ინტერაქცით და 19 ათასი ნახვით ამტკიცებდა, რომ დასავლეთი/უკრაინა/ქართული ოპოზიციური პარტიები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობდნენ.

  • 17-19 ივნისამდე 14 პროპაგანდისტული პოსტი 8 500 ინტერაქციის და 50 ათასი ნახვით გამოვლინდა, სადაც სტატუსის ვერმიღებას მეორე ფრონტის არგახსნას მიაწერდნენ.

სხვა დეზინფორმაციული გზავნილები: პროპაგანდისტული წყაროები ამტკიცებენ, თითქოს ევროკავშირმა საქართველო საბოლოო უარყო, მაგრამ "ალტერნარნატიულ" საგარეო კურსს გვთავაზობენ.

  • Isari.ge ავრცელებდა ნარატივს, თითქოს საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სისულელეა, რადგან ევროატლანტიკური სივრცე "უკრაინელების ხელით რუსეთთან მარიონეტულ ომს აწარმოებს".
  • ზოგიერთი Facebook-ანგარიში წერდა, რომ საქართველო აღარ არის ვალდებული მხარი დაუჭიროს უკრაინას და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მომდინარე შეურაცხყოფები მოითმინოს — ესეც პროსახელისუფლებო მესიჯბოქსია.
  • ანალოგიური ნარატივი გააძლიერა ანტიდასავლურმა ონლაინ მედია MarshalPress-მაც. ნათქვამი იყო, რომ ევროკომისიის უარი საქართველოს "სუვერენიტეტის განმტკიცების" შესაძლებლობას აძლევს.
  • ამავე გამოცემამ "მეტი მოგების" მოტივით, საქართველოს რუსეთთან სავაჭრო პარტნიორობის განახლებაც შესთავაზა.