29-30 ივნისს მადრიდში NATO-ს სამიტი იმართება — მანამდე თურქეთის პრეზიდენტი ალიანსის, ასევე, შვედეთისა და ფინეთის ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ფინეთმა და შვედეთმა უკრაინაში რუსეთის ომის საპასუხოდ NATO-ში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს და განაცხადები ოფიციალურად უკვე წარადგინეს.

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით თურქეთს პოზიტიური შეხედულებები არ აქვს;
  • NATO-ში გაწევრიანებისთვის ქვეყნებს ყველა წევრის თანხმობა სჭირდებათ.

დეტალები: თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, შეხვედრები NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მოთხოვნით იმართება.

  • მისი თქმით, ეს მოლაპარაკებები ორი ქვეყნის წევრობაზე თურქეთის პოზიციების ცვლილებას არ ნიშნავს.
  • ერდოღანის სპიკერი ამბობს, რომ NATO-ს მადრიდის სამიტი "დედლაინი არ არის".

რა ხდებოდა მანამდე: 16 მაისს ერდოღანი შვედეთ-ფინეთთან მოლაპარაკებებსაც გამორიცხავდა და ამბობდა, რომ ლიდერებმა თურქეთის გადარწმუნებით "თავი არ უნდა დაიღალონ".

  • ერდოღანი ამბობს, რომ სკანდინავიური ქვეყნები "ბევრი ტერორისტული ორგანიზაციის სახლია".
  • 24 მაისს თურქეთმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე თანხმობისთვის საჭირო პირობებიც დაასახელა.