შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას და მუქარას გულისხმობს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს თბილისი პრაიდის კვირეულზე განცხადებებს უკავშირდება.

  • კრემლისტური ჯგუფები თემის წევრებთან ერთად დახურულ ღონისძიებებზე მიმსვლელებსაც ემუქრებიან და ამბობენ, რომ "5 ივლისი მონაგონი იქნება".

დეტალები: პრორუსი მოძალადეები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე შსს-ში დღეს დაიბარეს.

  • მახარაძე ამბობს, რომ შსს-ს მათთან პერიოდულად აქვს კითხვები.

მანამდე, შსს-მ განცხადება გაავრცელა და ძალადობრივ ჯგუფებს მოუწოდა, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. უწყებაში ამბობენ, რომ პრაიდკვირეულის ღონისძიებებს დაიცავენ.

  • "პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება".
  • მათივე განცხადებით, კვირეულის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, იმართება შეხვედრები გაეროს, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და Tbilisi Pride-ს მონაწილეობით.

Tbilisi Pride ითხოვს, მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადოს, რომ დაიცავს კვირეულის ღონისძიებებს, თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ პრემიერმინისტრი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში სდებს ბრალს და მათ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებას ცდილობს.

  • Tbilisi Pride ასევე ითხოვს, დასაჯონ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები, რომლებიც ღიად აგრძელებენ ძალადობრივ საქმიანობას.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს შსს-ს, თავიდან აირიდოს 2021 წელს დაშვებული შეცდომები. მოუწოდებს:

  • უზრუნველყოს თბილისი პრაიდის აქტივისტთა უსაფრთხოება;
  • დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან;
  • ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე.