აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმდა, ბევრი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორისაა მომღერალი მეგან თი სტალიონი, რომელმაც Glastonbury-ის მუსიკალურ ფესტივალზე გამოსვლისას სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა.

"დარწმუნებული ვარ, რომ გოგოები და ბიჭები იმ სისულელეს მხარს არ დაუჭერენ, რომლის კამპანიაც აქტიურად გრძელდება. ამ მომენტში ტეხასის ძალიან მრცხვენია და ყველამ იცით, რომ ეს ჩემი მშობლიური შტატია", — განაცხადა გამოსვლისას რეპერმა და თან დასძინა, რომ სავარაუდოდ, ტეხასი იმ 16 შტატს შორისაა, რომლებშიც აბორტი აიკრძალება.

რეპერის გამოსვლა ფესტივალზე მყოფ ადამიანებს ძალიან მოეწონათ და როცა მომღერალმა ფრაზა "ჩემი სხეული ჩემი დედამო**ნული არჩევანია" გააჟღერა, ყველამ იგივე გაიმეორა და შეძახილები დიდხანს არ გაჩერებულა.

მომღერალი სასამართლოს გადაწყვეტილებას Glastonbury-ის მუსიკალურ ფესტივალამდეც გამოეხმაურა და ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა. "სასამართლომ ყველა შეგვარცხვინა, მაგრამ ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ. მე ბრძოლას ვაგრძელებ, რადგან ყველა იმსახურებს ის სამედიცინო დახმარება მიიღოს, რომელიც მას სჭირდება",— წერს სტალიონი.

აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებას მომღერალი ბილი ჯო არმსტრონგიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აშშ-ის მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებს. "შევე*ი ამერიკას, აშშ-ის მოქალაქეობაზე უარს ვამბობ და საცხოვრებლად აქ გადმოვდივარ", — ასე მიმართა მომღერალმა ლონდონის სტადიონზე შეკრებილ ბრიტანელ ხალხს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წლის გადაწყვეტილება გააუქმა, რომელიც ქალებს საკუთარი სურვილით აბორტის გაკეთების კონსტიტუციურ უფლებას აძლევდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ცალკეულ შტატს თავად ექნება უფლება გადაწყვიტოს, დაშვებული იქნება თუ არა აბორტი.