შინაგან საქმეთა სამინისტრო Tbilisi Pride-ს მიერ დაანონსებულ პრაიდკვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება ძალადობრივ ჯგუფებს მოუწოდებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას

რატომ არის მნიშვნელოვანი: Tbilisi Pride ითხოვს, მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადოს, რომ დაიცავს კვირეულის ღონისძიებებს, თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას.

  • Tbilisi Pride ასევე ითხოვს, დასაჯონ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები, რომლებიც ღიად აგრძელებენ ძალადობრივ საქმიანობას.
  • 2021 წელს პრორუსულმა ჯგუფებმა რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარში იყო დაგეგმილი, 50-ზე მეტ ჟურანალისტზე იძალადეს. 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
  • წელს ღირსების მარში არ ჩატარდება, ყველა სხვა დაგეგმილი ღონისძიება კი გაიმართება დახურულ სივრცეში. თუმცა ძალადობრივი ალტ-ინფო კვლავ იმუქრება.

შსს-ს განცხადებით, კვირეულის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, იმართება შეხვედრები გაეროს, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და Tbilisi Pride-ს მონაწილეობით.

  • "პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება".

დეტალები: Tbilisi Pride-ს ორგანიზაცია აცხადებს, რომ ორი თვეა შსს-ს აწვდიან ზუსტ, დეტალურ ინფორმაციას ღონისძიებებზე და ასევე, გაჟღერებულ მუქარებზე.

  • ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ პრემიერმინისტრი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში სდებს ბრალს და მათ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებას ცდილობს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს შსს-ს, თავიდან აირიდოს 2021 წელს დაშვებული შეცდომები. მოუწოდებს:

  • უზრუნველყოს თბილისი პრაიდის აქტივისტთა უსაფრთხოება;
  • დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან;
  • ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე.