რუსეთი უკვე თვეებია, რაც დეფოლტის ზღვარზეა. თუმცა, როგორც გამოცემა Bloomberg-ი წერს, ახლა რუსეთისთვის ამ დრამატული მომენტის დადგომამდე მხოლოდ რამდენიმე საათი დარჩა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკვე 100 დღეზე მეტი გავიდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ცივილიზებულმა სამყარომ აგრესორი ქვეყანა სანქციების ალყაში მოაქცია.

  • რუსეთის დეფოლტის ზღვარზე მიყვანა სწორედ ამ სანქციების შედეგია.

დეტალები: Bloomberg-ი წერს, რომ რუსეთს 100 მილიონის პროცენტის საშეღავათო პერიოდი კვირა საღამოს ეწურება. გამოცემის ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში ორშაბათს რუსეთისთვის დეფოლტი დადგება.

  • დეფოლტის დადგომის გარეშეც ცხადია, რომ ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებულია.
  • თუმცა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა მოცულობის ზარალი მიიღო რუსეთმა ევროპისა და აშშ-სგან დაწესებული სანქციების შედეგად.
  • 1918 წლის შემდეგ რუსეთისთვის ეს პირველი დეფოლტი იქნება. როგორც ცნობილია, ქვეყანა ამ მოვლენასთან წლის დასაწყისშიც ახლოს იყო

რას ამბობენ ექსპერტები: ტოკიოს ნომურას კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტმა, ტაკაჰიდე კიუჩიმ თქვა, რომ დეფოლტის გამოცხადება სიმბოლური მოვლენაა.

  • მისივე თქმით, რუსეთის მთავრობამ უკვე დაკარგა დოლარში დენომინირებული სესხის გაცემის შესაძლებლობა.
  • კიუჩი ამბობს, რომ რუსეთის მთავრობას უცხო ქვეყნებისგან სესხის აღება არ შეუძლია.

რას ამბობენ რუსეთში: მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთმა გადარიცხვები რუბლებში განახორციელა, იმის მიუხედავად, რომ ობლიგაციები გადახდის ამგვარ საშუალებას არ იძლევა.

  • ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვი ვარაუდობს, რომ რუსეთის ფედერაციისთვის სუვერენული ვალის გადახდის აკრძალვის მიზანია, ქვეყანას "დეფოლტის იარლიყი" მიაკრან.