ინფორმაცია ამის შესახებ ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გაავრცელა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთის არმია აზოვსტალის დაკავების შემდეგ სევეროდონეცკზე იყო კონცენტრირებული. ქალაქი დონბასის ცენტრშია და აღმოსავლეთ უკრაინის დიდი ინდუსტრიული რეგიონია.

  • ქვეყნის ლიდერები ამბობდნენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ეს ქალაქი სტარტეგიული მნიშვნელობისაა და დონბასის ბედი სწორედ აქ წყდება.

დეტალები: ალექსანდრ სტრიუკის თქმით, სევეროდონეცკი უკვე სრულად რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის ქვეშაა, ქალაქი კი მთლიანადაა დანგრეული.

  • ასევე, აღნიშნა, რომ ადგილობრივები, რომლებიც აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, უკვე ტოვებენ ადგილს. ოკუპანტები კი მათ ვიდეოს უღებენ და პროპაგანდისთვის იყენებენ.

კონტექსტი: სევეროდონეცკში რამდენიმე კვირაა მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. 24 ივნისს უკრაინამ სამხედროებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა.

  • ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ სამხედროებს გამოიყვანენ და იმის დაშვებას, რომ ისინი ალყაში მოექცნენ, არავინ აპირებს.