ანა ფრანკის დღიურის პირველი გამოცემიდან 75 წლისთავი გუგლმა ახალი დუდლით და ანიმაციით აღნიშნა. მსოფლიოში ცნობილი დღიურის ავტორი, რომელიც 15 წლის ასაკში ნაცისტური გერმანიის სასტიკ ქმედებებს ემსხვერპლა, ანიმაციაში მისი ნაწერების საშუალებითაა გაცოცხლებული. სლაიდშოუში დღიურის ყველაზე ემოციური სტრიქონებია გამოტანილი, რომლებიც გვიყვება, რისი გადატანა მოუხდათ ანას ოჯახსა და მეგობრებს.

ფოტო: Google

ფოტო: Google

"იმის მიუხედავად, რომ დღიურს ანა 13-15 წლის ასაკში წერდა, ჰოლოკოსტისა და ომის მისეული აღწერილობა დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ფართოდ წაკითხვად წყაროდ", — წერია გუგლის განცხადებაში, — "მადლობა, ანა, რომ შენი გამოცდილება და ჩვენი საერთო წარსული სხვა კუთხით დაგვანახე, ამასთან, მომავლის იმედი შეგვინარჩუნე".

დუდლისა და ანიმაციის შესაქმნელად გუგლმა ანა ფრანკის ფონდთან ითანამშრომლა, რომელიც ოტო ფრანკის, ანას მამის, დაფუძნებულია; ილუსტრაციების მხატვარი კი თოკა მაერია. მაერის თქმით, მას, როგორც გერმანელს, ჰოლოკოსტთან განსაკუთრებული კავშირი აქვს, ამდენად, პროექტზე მუშაობა დიდი პატივი იყო.

"ჩვენთვის ეს არის პასუხისმგებლობის გააზრება, მუდმივი ხსოვნა წარსულისა და აქტიური მცდელობა მოგონებების დასაცავად, რათა ასეთი რამ აღარასდროს აღარ მოხდეს", — ამატებს მაერი.

ოტო ფრანკს ხელში უჭირავს ლიტერატურული ჯილდო, რომელიც მას წიგნის, ანა ფრანკის დღიურის, მილიონი ასლის გაყიდვისთვის გადაეცა. ლონდონი, 1971 წელი.

ფოტო: AP / Dave Caulkin

ნიდერლანდებში მცხოვრები ანა ფრანკი, მისი ებრაული წარმომავლობის გამო, 13 წლის ასაკიდან სამალავში იმალებოდა. თუმცა, საბოლოოდ, ნაცისტური რეჟიმის პოლიციამ მათ ადგილსამყოფელს მიაგნო, სამალავის ყველა მცხოვრები დააპატიმრა და საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნა. ანა დასთან, მარგო ფრანკთან ერთად, ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა. ორივე მათგანი იქვე დაიღუპა ბანაკის გათავისუფლებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე.

უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა შოამ, იმავე ჰოლოკოსტმა, თუმცა, მსხვერპლთა რაოდენობა მილიონობით ადამიანს მოიცავს. მათი უმეტესობა ებრაელი იყო.