მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდება გაიმეორა, სალომე სამადაშვილმა გადაწყვიტა, რომ ორივეს სასამართლოში უჩივლოს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერმინისტრმა ოპოზიციონერ დეპუტატებს არაერთხელ მიმართა შეურაცხმყოფელად, რამდენიმე მათგანს მოღალატეც უწოდა.

  • მაშინ, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სიტყვა რევოლუციის ხსენებაზეც აფრთხილებს მოქალაქეებს, პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან მსგავსი ბრალდებები უწყებების მხრიდან უყურადღებოდ რჩება.

რა თქვეს კობახიძე-ღარიბაშვილმა: 22 ივნისს პარლამენტში მოხსენების წარდგენისას პრემიერმინისტრი ამტკიცებდა, რომ სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და ითხოვდა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ.

  • ამის შემდეგ ღარიბაშვილმა დეპუტატისკენ ხელი გაიშვირა და "ქვეყნის მოღალატე" უწოდა.
  • დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ გაიმეორე იგივე და თქვა, რომ სამადაშვილი აწარმოებდა აგიტაციას, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

რა თქვა სამადაშვილმა: დეპუტატის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ საელჩოები დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, გრძნობდა თუ არა თავს უსაფრთხოდ.

  • "მიიჩნევენ, რომ ვინმეს გამოცხადება ქვეყნის მოღალატედ, არის ძალადობის წახალისება. მირჩიეს, რომ შევიტანო სარჩელი".
  • მისი თქმით, არ იცის სად იქნებიან ღარიბაშვილი და კობახიძე იმ დროისათვის, როდესაც სარჩელი დაკმაყოფილდება, რადგან სასამართლო სარჩელს თაროზე შემოდებს, მაგრამ სამართალი მათ, ადრე თუ გვიან, მიაკითხავთ.