ლეგენდარული ინგლისელი მწერლისა და ბეჭდების მბრძანებლის შემქმნელის, ჯონ რ.რ. ტოლკინის ახალი წიგნი — ნუმენორის დაცემა — მალე დღის სინათლეს იხილავს. წიგნი, რომელიც მეორე ეპოქის შესახებ დაწერილ ტექსტებს გააერთიანებს, 2022 წლის 10 ნოემბერს გამოიცემა.

გამოცემა მოიცავს ამბებს ნუმენორის დაფუძნებაზე, ბეჭდების გამოჭედვასა და საურონის წინააღმდეგ შეკრულ უკანასკნელ ალიანსზე. წიგნის შემდგენელი და კომენტარების ავტორი ტოლკინისტი ბრაიან სიბლია, ილუსტრატორი კი ცნობილი მხატვარი, ალან ლი. აღსანიშნავია, რომ ტექსტები გამოსაცემად თავდაპირველად მწერლის შვილმა, ქრისტოფერ ტოლკინმა მოამზადა.

ტოლკინის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები — ჰობიტი და ბეჭდების მბრძანებელი — გასულ საუკუნეში გამოიცა. მას შემდეგ ეს წიგნები ჟანრის ნამდვილ კლასიკად და მსოფლიო ბესტსელერებად იქცა. შუახმელეთის შესახებ მოთხრობილი ამბები თარგმნილია 70-ზე მეტ ენაზე და გაყიდულია 150 მილიონ ეგზემპლარად.

აღსანიშნავია, რომ ტოლკინის დანატოვარი შემოქმედება მისი სიკვდილის შემდეგაც დაიბეჭდა მწერლის შვილის, ქრისტოფერის წყალობით. ამ გამოცემების ნაწილი: ჰურინის შვილები, ბერენი და ლუთიენი და გონდოლინის დაცემა, ბოლო წლებში ქართულ ენაზეც ითარგმნა. ქართულად ასევე თარგმნილია ავტორის დაუსრულებელი კრებული, სილმარილიონი, სადაც პირველ და მეორე ეპოქებში მომხდარ ამბებს ვეცნობით.

ჰობიტისა და ბეჭდების მბრძანებლის მიხედვით ჰოლივუდში არაერთი პრესტიჟული პრემიით დაჯილდოებული ფილმებიც გადაიღეს, თუმცა, ტოლკინისტები განსაკუთრებულად ელოდებიან 2 სექტემბერს, როცა კომპანია ამაზონის მიერ შექმნილი მაღალბიუჯეტიანი სერიალი ბეჭდების მბრძანებელი: ძალაუფლების ბეჭდები გამოვა. სერიალის ტრეილერს თუ დავეყრდნობით, წინ ნამდვილად ზღაპრული სანახაობა გველოდება.