მზეზე არსებული ლაქა, რომელიც დედამიწაზე დაახლოებით სამჯერ დიდია და პირდაპირ მას შესცქერის, ზომაში 24 საათის განმავლობაში გაორმაგდა. შესაძლოა, მის გარშემო არსებულმა მაგნიტურმა ველმა მომავალში M-კლასის ამოფრქვევები წარმოშვას.

"გუშინ AR3038 დიდი იყო. დღეს ის უზარმაზარია", — 22 ივნისს განაცხადა ტონი ფილიპსმა, SpaceWeather.com-ის ავტორმა — "სწრაფი ტემპით ზრდადი ლაქა მხოლოდ და მხოლოდ 24 საათში გაორმაგდა ზომაში".

იმ შემთხვევაში, თუკი ლაქა კორონალური მასის ამოფრქვევას (იგივე CME) წარმოქმნის, შესაძლოა, დედამიწისაკენ მომართული დამუხტული ნაწილაკები ჩვენს მაგნიტურ ველში შემოიჭრას და ატმოსფეროში ფერადი ნათება, იგივე ავრორა, გამოიწვიოს.

გასათვალისწინებელია, რომ NOAA-ს კოსმოსური ამინდის პროგნოზის ცენტრს, რომელიც მზეზე ამოფრქვევებს მეთვალყურეობს, ჯერჯერობით მოსალოდნელი ავრორების საკითხი არ წამოუჭრია.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ გაზაფხულზე მზე განსაკუთრებით აქტიურია და M-კლასისა და X-კლასის (ყველაზე ძლიერი) ამოფრქვევებს წარმოქმნის, რადგან მზის ლაქების რეგულარულ 11-წლიან ციკლში აქტივობა მატულობს.

როგორც წესი, კორონალური მასის ამოფრქვევები სახიფათო არ არის და შესაძლოა, ფერად ავრორებთან ერთად, რადიოკომუნიკაციების ხანმოკლე შეფერხება გამოიწვიოს. იშვიათად, თუმცა მაინც, მათ სატელიტებისა თუ ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებაც შეუძლია.

ასევე იხილეთ: "მზის შტორმმა", შესაძლოა, მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტის გათიშვა გამოიწვიოს

სწორედ ამიტომ, NASA და NOAA მზეს მუდმივად ადევნებენ თვალყურს. ამას გარდა, ნასას Parker Solar Probe მისია პერიოდულად მზესთან ძალიან ახლოს მიდის, რათა მისი ლაქების წარმომავლობაზე მეტი შეიტყონ და მზის მიერ წარმოქმნილ კოსმოსურ ამინდშიც უკეთ გავერკვეთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.