რამდენიმეკვირიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ უკრაინა სამხედროებს სევეროდონეცკის დატოვებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთის არმია აზოვსტალის დაკავების შემდეგ სევეროდონეცკზეა კონცენტრირებული. ქალაქი დონბასის ცენტრშია და აღმოსავლეთ უკრაინის დიდი ინდუსტრიული რეგიონია.

  • ქვეყნის ლიდერები ამბობდნენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ეს ქალაქი სტარტეგიული მნიშვნელობისაა და დონბასის ბედი სწორედ აქ წყდება.

დეტალები: გაიდაის თქმით, სამხედროებს გამოიყვანენ და იმის დაშვებას, რომ ისინი ალყაში მოექცნენ, არავინ აპირებს.

  • მისივე ცნობით, იმ პოზიციებზე ყოფნას, რომლებიც განადგურებულია, აზრი არ აქვს, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაღუპულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
  • მანვე თქვა, რომ დანაყოფების გაყვანაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
  • "მათ მიიღეს ბრძანება, რომ გადავიდნენ ახალ პოზიციებზე და გაამაგრონ ახალი რაიონები, შემდეგ კი იქიდან მართონ ნორმალური სრულფასოვანი საბრძოლო მოქმედებები, შესაბამისად მიიტანონ მტერზე იერიში".

რა ხდება ქალაქში: ქვეყნის ლიდერები ამბობდნენ, რომ სევეროდონეცკის დიდ ნაწილს რუსები აკონტროლებდნენ და სიტუაცია ისევ რთული იყო.ქალაქის ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია, დაზიანებული და დანგრეულია სახლების 90%.

რა მოუტანა რუსეთს სევეროდონეცკისთვის ბრძოლამ: ომის შემსწავლელი ინტიტუტის შეფასებით, რომ ამ ქალაქისთვის ბრძოლამ რუსეთი დაასუსტა და მათთვის სასარგებლო პოზიციებზე კონცენტრირების საშუალება არ მისცა.