სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ კახეთში, სიღნაღის რაიონში მდებარე წნორის ხანდაზმულთა სახლის შესახებ განცხადება სახალხო დამცველის აპარატის კრიტიკული დასკვნის შემდეგ გაავრცელა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ომბუდსმენის ცნობით, დაწესებულების ადმინისტრაციის სტერეოტიპული დამოკიდებულება ზოგიერთი ხანდაზმულის მიმართ შემაშფოთებელია.

  • მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარიულ პირობებში იმყოფებიან;
  • ხანდაზმულთა სახლს არ აქვს ადეკვატური ინფრასტრუქტურა;
  • დაწესებულებას არ ჰყავს კაცი მომვლელი, რომელიც იზრუნებდა კაც ბენეფიციარებზე, რომ არ შელახულიყო ხანდაზმულთა ღირსება.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო აცხადებს, რომ ომბუდსმენის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაზ "მყისიერი რეაგირება" მოხდა.

  • სააგენტოს თქმით, ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის გათვალისწინებით მიიღებენ გადაწყვეტილებას, უმოკლეს ვადაში ალტერნატიულ სერვისში მათ გადაყვანასთან დაკავშირებით.

წნორის ხანდაზმულთა სახლში 21 ხანდაზმულია, მათგან 17 ბენეფიციარის მომსახურებას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო აფინანსებს.

  • ომბუდსმენის აპარატში აღნიშნავენ, რომ შესამჩნევი ადმინისტრაციის მიმართ შიში და უნდობლობა;
  • ადმინისტრაციის თანდასწრებით, ხანდაზმულები არ გამოთქვამდნენ წუხილს და მხოლოდ მარტო დარჩენის შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფთან აფიქსირებდნენ დაწესებულებაში ცხოვრების გამოწვევებს.