ორი ადამიანი, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთი ქალაქის მოედანზე ფოტოს გადასაღებად პოზირებდა, 11 წლის შემდეგ დაქორწინდა. თუმცა აქ მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ ფოტოების გადაღების დღეს მათ ერთმანეთი არ გაუცნიათ და გოგოსთვის გადაღებულ ფოტოზე ბიჭი სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა.

წყვილმა დაქორწინების შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინა ფოტო, რომელზეც ქმარმა საკუთარი თავი ამოიცნო. ფოტო 2000 წლის ივლისშია გადაღებული და მასზე გამოსახულმა ადამიანებმა ერთმანეთი 11 წლის შემდეგ მოედნიდან ათასობით კილომეტრით დაშორებულ ქალაქში გაიცნეს.

2000 წლის ივლისში დღეს უკვე დაქორწინებული წყვილი ქალაქ ცინგდაოს სხვადასხვა მიზეზით სტუმრობდა. ქალაქში ჩინელი ქალი დედის სანახავად ჩავიდა, რომელმაც ქირურგიული ოპერაცია გაიკეთა და შვილმა მისი მონახულება გადაწყვიტა. ჩინელი კაცი კი ტურისტულ ჯგუფთან ერთად იყო და ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებდა.

სოციალური ქსელების მომხმარებლები ამ ამბავში იმ ფაქტმა გააოცა, რომ ჩინელმა ქალმაც და კაცმაც ზუსტად ერთ დროს გადაწყვიტეს, რომ ქალაქის მოედანზე ფოტო გადაეღოთ. ამის შემდეგ კი ორივე თავიანთ გზაზე წავიდა და 11 წელი ისე გაატარეს, რომ ამ კავშირის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ფოტოს აღმოჩენის შემდეგ ეს ამბავი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. ჩინელი წყვილის მეგობრების აზრით, ფოტო უტყუარი მტკიცებულებაა იმის დასტურად, რომ ეს ადამიანები ბედისწერით არიან დაკავშირებულნი. ცოლ-ქმარი ახლა თავიანთ ტყუპ გოგოებთან ერთად ცხოვრობს და იმ ადგილზე დაბრუნებას აპირებს, სადაც ეს ფოტო გადაიღეს.

"როგორც ჩანს ცინგდაო ერთ-ერთი განსაკუთრებული ქალაქია. ბავშვები რომ გაიზრდებიან, იქ ისევ წავალთ და ქალაქის მოედანზე ოჯახურ ფოტოსაც გადავიღებთ", — ამბობს ჩინელი კაცი.