ვიტამინებსა და საკვებ დანამატებს საკმაოდ ბევრი ადამიანი იღებს, თუმცა სიმსივნისა და გულის დაავადებების პრევენციის კუთხით მათი მოქმედება ჯერაც დაუზუსტებელია. US Preventive Services Task Force-ის განახლებულ რეკომენდაციებს თუ დავეყრდნობით, მეტიც, შესაძლოა, ერთი ტიპის დანამატმა კიბოს რისკიც კი გაზარდოს.

მათი სამუშაო ჯგუფი 16 დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტისგანაა დაკომპლექტებული და ჯანმრთელობის საპროფილაქტიკო ზომებთან დაკავშირებით რჩევებს გვთავაზობს. რეკომენდაციების გასაახლებლად მათ დანამატების გამოყენებასთან დაკავშირებული 84 კვლევა მიმოიხილეს.

"ვიტამინებისა და მინერალური დანამატების უმეტესობის, მათ შორის მულტივიტამინების მსგავსი კომბინაციების, შემთხვევაში საკმარისი მტკიცებულება არ გვაქვს, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს პრევენციისთვის ვინმეს მათი მიღება ან არმიღება ვურჩიოთ", — განაცხადა ორგანიზაციის ვიცეთავმჯდომარემ, მაიკლ ბარიმ, New Scientist-თან საუბრისას.

სამუშაო ჯგუფი განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას გვირჩევს ვიტამინ E-სა და ბეტა-კაროტინის დანამატებთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ ვიტამინ E-ს მიღებას ნაადრევი სიკვდილის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს პრევენციის საქმეში მნიშვნელოვანი გავლენა სულაც არ აქვს. ფაქტები ცხადყოფს იმასაც, რომ შესაძლოა, ბეტა-კაროტინი — პიგმენტი, რომელიც სხეულში ვიტამინ A-დ გარდაიქმნება — მწეველებში ფილტვის კიბოს რისკსაც ზრდიდეს.

ექსპერტთა განცხადებით, ახალი რეკომენდაციები არ ეხებათ ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის მქონეებს ანდა იმ ადამიანებს, რომლებიც ახლო მომავალში დაფეხმძიმებას გეგმავენ.

"იკვეთება, რომ, სამწუხაროდ, საკვები დანამატები ჯანმრთელი ადამიანებისათვის ჯადოსნური ჯოხის როლს არ ასრულებს", — ამბობს კვლევის მთავარი ავტორი — "ხალხის უმეტესობა ასკვნის, რომ ვიტამინები სრულებით უწყინარია, თუმცა ზოგ შემთხვევაში მათ ზიანის მოტანაც შეუძლია".

ამასთანავე, ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტის (ილინოისი) მკვლევრებიც მიიჩნევენ, რომ ადამიანთა უმეტესობისათვის საკვები დანამატები, სავარაუდოდ, მხოლოდ და მხოლოდ დროისა და ფულის ფლანგვაა.

ბარის თქმით, შესაძლოა, ამ დანამატების მიღებამ ადამიანებს დაცულობის მცდარი შეგრძნებაც გაუჩინოს, შედეგად კი მათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს პრევენციისათვის მეტად ეფექტური ზომების მიღება შეწყვიტონ, მაგალითად: რაციონის ხილითა და ბოსტნეულით გამდიდრება, ვარჯიში და კიბოს სკრინინგთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.