რეზოლუციის მომხრე 529, წინააღმდეგი კი 45 ევროპარლამენტარი იყო. რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც მთავრობა ევროკომისიის მიერ მითითებულ პირობებს შეასრულებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროპული საბჭო დღეს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭებაზე იმსჯელებს.

  • უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნები არიან და მათი გზა ევროპულ ინსტიტუტებამდე 2016 წლიდან ერთად მოდის.
  • მიუხედავად "ოცნების" მტკიცებისა, რომ საქართველო ამ სამ ქვეყანაში ყველა პარამეტრით მოწინავეა, ევროპარლამენტი სტატუსის მიღებას ახლა მხოლოდ უკრაინისა და მოლდოვასთვის უჭერს მხარ.

დეტალები: ევროპარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს ხელისუფლებას, დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები.

  • ევროპარლამენტარების თქმით, უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში.
  • ისინი მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, გადადგას პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამი ქვეყნის მოქალაქეების ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზაციისკენ.

რა ხდებოდა მანამდე: 9 ივნისს ევროპარლამენტმა კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, სადაც მედიაგარემოსა და მთავრობის დამოკიდებულებაზე ევროპარლამენტარებმა შეშფოთება გამოხატეს და ივანიშვილის სანქცირების რეკომენდაცია გასცეს.

  • იმავე დღეს ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ევროკავშირს ორი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებისკენ, ხოლო საქართველოზე მუშაობისკენ მოუწოდებენ.
  • 17 ივნისს ევროკომისიამ სამივე ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას მხარი დაუჭირა, სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია კი მხოლოდ უკრაინისა და მოლდოვასთვის გასცა.
  • ევროკომისიამ საქართველოს რამდენიმე რეკომენდაცია მისცა: გაერთიანდეს პოლიტიკურად, შეიმუშავოს მკაფიო გზა სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ, აიღო დეოლიგარქიზაცის ვალდებულება.