მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს Facebook გვერდიდან ის დაწყევლეს. საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ ბათუმელებს დაუდასტურა, რომ კომენტარი თვითონ დაწერა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბარბაქაძე გამოცემას ეუბნება, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა და საქციელს სიტყვის თავისუფლებით ამართლებს.

  • 21 ივნისს სამგორის გამგებელმა აქციაზე #შინევროპისკენ მყოფებს აგინა, თუმცა ქართული ოცნების წევრებმა თქვეს, რომ არასამსახურებრივ პერიოდში საკუთარი პოზიცია ყველას შეუძლია გამოხატოს.

დეტალები: "შხამად გექცეს, რაც შენთვის ვიწვალე და ვიშრომეთ" — ეწერა კომენტარში, სადაც აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტი "სისულელეებს აბრეხვებს", უნდა "დაოკდეს" და ბიძინა ივანიშვილს "დღე და ღამე სანთლები დაუნთოს".

  • ბარბაქაძე ამტკიცებს, რომ "ტექნიკური ხარვეზი" დაფიქსირდა და მაშინვე გამოსწორდა". კომენტარი ამ დროისთვის წაშლილია.
  • "მე დავდე ჩემს პირად გვერდზე და რატომღაც ტექნიკურად მოხდა ოფიციალურ გვერდზე და მშინვე წაიშალა", — უთხრა მან ფორმულას.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის On.ge ცდილობს საკრებულოსთან დაკავშირებას, თუმცა ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

ფოტო: სქრინი/ბათუმელები

ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ იცის ვეტო დაძლეული იქნება, მაგრამ მას იყენებს, რადგან ცვლილებებს არ ეთანხმება.

  • მანვე აღნიშნა, რომ 6 თვის განმავლობაში ვეტოს დაადებს ყველა კანონპროექტს, რომელიც არასწორი მიმართულებით იქნება მიღებული.