კომპანია Amazon-ის კონფერენციაზე Alexa-ს უფროსმა ვიცეპრეზიდენტმა, როჰიტ პრასადმა, გვამცნო, რომ მალე ხმოვანი ასისტენტი ადამიანთა ხმების იმიტირებას შეძლებს. ამ ეტაპზე უცნობია, როდის იქნება ფუნქცია საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი.

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, იმიტაციის ამგვარ შესაძლებლობას Amazon-ში დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფ მეთოდად აღიქვამენ. მაგალითად, კომპანიამ ვიდეოც წარმოადგინა, რომელშიც Alexa ბავშვს დაღუპული ბებიის ხმით უკითხავდა.

პრასადის თქმით, კომპანიის მიზანი იყო, ხელოვნური ინტელექტი ადამიანებისათვის რაც შეიძლება პირადული გაეხადა.

"ხელოვნური ინტელექტი დანაკარგის ტკივილს ვერ შეამსუბუქებს, თუმცა ადამიანებს მოგონებების შენარჩუნებაში მაინც დაეხმარება", — განაცხადა მან.

როგორც Amazon-ის წარმომადგენელმა გვამცნო, ხმოვან ჩანაწერზე დაახლოებით ერთ-წუთიანი ვარჯიშის შემდეგ ასისტენტი ადამიანის იმიტირებულ ხელოვნურ ხმას შექმნის.

მიუხედავად პერსპექტივის მიმზიდველობისა, ექსპერტები უკვე დიდი ხანია მსჯელობენ, რომ შესაძლოა, ხელოვნური ხმის წარმომქმნელმა ამგვარმა ტექნოლოგიებმა დანაშაულების ახალი ნაკადი წარმოშვას — 2020 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თაღლითებმა კომპანიის დირექტორის ხმით ბანკის მენეჯერი გააცურეს და 35 მილიონი დოლარი გადაარიცხვინეს — თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამგვარი შემთხვევები ჯერჯერობით მაინც უჩვეულოა, თაღლითებს კი ხელი მხოლოდ შედარებით პრიმიტიულ საშუალებებზე მიუწვდებათ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.