საბჭომ ასოცირებული ტრიოს ევროპულ პერსპექტივას მხარი დაუჭირა, კანდიდატის სტატუსი კი მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭა. ეს გადაწყვეტილება ევროკომისიის რეკომენდაციასთანაა თანხვედრაში.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროპული საბჭოს ეს გადაწყვეტილება ისტორიული შანსი იყო. ასე აფასებდნენ ევროკავშირის ლიდერებიც.

  • უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნები არიან და მათი გზა ევროპულ ინსტიტუტებამდე 2016 წლიდან ერთად მოდის.

  • მიუხედავად "ოცნების" მტკიცებისა, რომ საქართველო ამ სამ ქვეყანაში ყველა პარამეტრით მოწინავეა, სტატუსი მხოლოდ ჩვენ ვერ მივიღეთ.

შარლ მიშელი წერს, რომ ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

  • "ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი– საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია".

რა ხდებოდა მანამდე: 9 ივნისს ევროპარლამენტმა კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, სადაც მედიაგარემოსა და მთავრობის დამოკიდებულებაზე ევროპარლამენტარებმა შეშფოთება გამოხატეს და ივანიშვილის სანქცირების რეკომენდაცია გასცეს.

  • იმავე დღეს ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ევროკავშირს ორი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებისკენ, ხოლო საქართველოზე მუშაობისკენ მოუწოდებენ.
  • 17 ივნისს ევროკომისიამ სამივე ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას მხარი დაუჭირა, სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია კი მხოლოდ უკრაინისა და მოლდოვასთვის გასცა.
  • ევროკომისიამ საქართველოს რამდენიმე რეკომენდაცია მისცა: გაერთიანდეს პოლიტიკურად, შეიმუშავოს მკაფიო გზა სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ, აიღო დეოლიგარქიზაცის ვალდებულება.