92 წლის ბრიტანელი კაცი ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, რომელმაც მათემატიკაში საატესტატო გამოცდა ჩააბარა. რამდენიმე საათის განმავლობაში ის 16 წლის ახალგაზრდებთან ერთად სკოლის დარბაზში იჯდა და მათემატიკის ტესტზე მუშაობდა.

92 წლის დერეკმა გამოცდა კემბრიჯთან ახლოს მდებარე სოფლის კოლეჯში მას შემდეგ ჩააბარა, რაც იუთუბზე მათემატიკის უფასო ონლაინ კურსი გაიარა. მართალია, ცუდი მხედველობის გამო ტესტზე მუშაობა ახალგაზრდებისგან განსხვავებით ცოტა გაუჭირდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, ამ ფაქტს მისთვის ხელი მაინც არ შეუშლია.

"სწავლის პროცესი ძალიან მომეწონა და გამოცდაზე კალკულატორის გამოყენების უფლებაც გვქონდა. ვფიქრობ, რომ ეს გამოცდა ჩემთვის უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი სხვა მოსწავლისთვის", — ამბობს 92 წლის კაცი.

ფოტო: Reuters

დერეკის კურსის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ 92 წლის კაცი ისტორია ბევრი ადამიანისთვის შთაგონების წყარო გახდება. "ძალიან კარგი იქნება, თუ ადამიანები იფიქრებენ, რომ სწავლა არასდროსაა გვიანი. ეს ძალიან კარგი საქმეა და გონების ვარჯიში გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე ტელევიზორთან დიდი დროის გატარება", — ამბობს კურსის ხელმძღვანელი.

დერეკმა უშუალოდ გამოცდამდე ზუმის მეშვეობით 5-საათიანი მოსამზადებელი კურსიც გაიარა. მან ის პერიოდი გაიხსენა, როცა სკოლაში სწავლობდა და აღნიშნა, რომ გაკვეთილების გაცდენა არასდროს უყვარდა. ასე რომ, დერეკი 92 წლის ასაკშიც მკაცრად მოეკიდა გაკვეთილზე დასწრების საკითხს და საბოლოოდ, გამოცდაზე გასვლაც შეძლო.