ივნისში Amazon-მა დააანონსა, რომ კალიფორნიაში, ლოკფორდში დრონებით მიწოდების სერვისს — Prime Air-ს აამოქმედებდა. აღნიშნულ ნაბიჯს დიდი ხანია ელიან, თუმცა როგორც The Washington Post წერს, აღმოჩნდა, რომ ადგილობრივების ნაწილი ამას ეწინააღმდეგება და მეტიც, აპირებს, დრონების ჩამოგდებაზე იზრუნოს.

ერთ-ერთი ადგილობრივი დრონებს "მიზანში სროლის პრაქტიკის" საშუალებად მოიხსენიებს. The Washington Post-ის თანახმად, ეს ადამიანი ლოკფორდში მშვილდების მაღაზიის მფლობელია.

როგორც The Washington Post იუწყება, Amazon-მა ლოკფორდის ოფიციალური პირები სიახლის შესახებ ექვსი თვის წინ გააფრთხილა, თუმცა მიუხედავად ამისა, ადგილობრივთა უმეტესობას ამაზე წარმოდგენა არ ჰქონდა. მათ ამის შესახებ ივნისში, მთელ ქვეყანასთან ერთად გაიგეს. შედეგად კი გადაზიდვის გიგანტის — Amazon-ის, მისი მფლობელის, ჯეფ ბეზოსისა და მისი ინიციატივების მიმართ წინააღმდეგობის მუხტი ღვივდება.

The Washington Post-ის ცნობით, ამ წინააღმდეგობისთვის ადგილობრივებს რამდენიმე მიზეზი აქვთ. მათი ნაწილი შეშფოთებას გამოთქვამს სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით (რომლის წართმევაც, მათი თქმით, ადამიანებისთვის დრონებს შეუძლიათ), სხვები კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ პოტენციურ დარღვევებზე წუხან, ნაწილისთვის კი უმთავრესი მიზეზი ის უნდობლობაა, რომელიც ტექნოლოგიური გიგანტის (Amazon) მიმართ არსებობს.

"ვფიქტობ, ისინი ყველაფერს დაგვინგრევენ", — თქვა ადგილობრივმა ტიმ ბლაიტონმა, რომელსაც, The Washington Post-ის ცნობით, აქამდეც დამუქრებია მეზობელს დრონის ჩამოგდებით.

კიდევ ერთი მცხოვრები, ნაიდინ კოსტერი კი წუხს, რომ კურიერი დრონები შეაშინებს პირუტყვს, შესაძლოა თვითდაზიანებამდე.

"მე ვნახე ცხენები, რომლებიც თავს იკლავენ საჰაერო ბურთის დანახვაზე", — განმარტა მან. "მე არ მინდა ვნახო ზიანი, რომელიც მათ ტერიტორიაზე მფრინავი დრონის დანახვას მოჰყვება".

თუმცა, ყველა ასე როდია განწყობილი დრონების მიმართ. საზოგადოების ნაწილს აინტერესებს, თუ როგორ იმუშავებს მიწოდების ეს სერვისი. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ Prime Air-ის გაშვების შესახებ პირველი განცხადება ჯერ კიდევ 2013 წელს გავრცელდა. ამის შემდეგ უამრავი გასაიდუმლოებული ავარია იყო, უამრავი დაზიანებული დრონი და ორეგონის ხანძარი, რომელიც სწორედ ასეთ მწყობრიდან გამოსულ დრონს უკავშირდება.

ახლა კი, მიუხედავად ამ წარსულისა, Amazon-ის წარმომადგენელი The Washington Post-თან საუბარში აცხადებს, რომ ეს საფრენი მოწყობილობა დააკლამყოფილებს FAA-ის "მაღალი უსაფრთხოების სტანდარტს". გარდა ამისა, ადგილობრივთა წინააღმდეგობის საპასუხოდ მან განაცხადა, რომ თუ ვინმე ჩამოაგდებს დრონს, ის დაარღვევს კანონს.

არ ვიცით, როგორ დასრულდება წინააღმდეგობა მოსახლეობასა და ტექ გიგანტს შორის, თუმცა ფაქტია, რომ Amazon-ის კურიერ დრონებთან დაკავშირებული წარსული უნდობლობის საფუძველს ნამდვილად იძლევა. მეორე მხრივ კი, აშშ-ში პირველად, დრონით მიწოდების სერვისი უნდა ამოქმედდეს. ეს საზოგადოების ნაწილის პესიმიზმისა და უკმაყოფილების გარეშე წარმოუდგენელია.